skip to content
ახალი ამბები

სახალხო დამცველმა 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიში წარმოადგინა

მიმდინარე კვირას, სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოში ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიში წარმოადგინა, რომელიც 2009 წლის მეორე ნახევარს მოიცავს.

328-გვერდიანი ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი სასჯელაღსრულების სისტემაში და წინასწარი დაკავების ადგილებში არსებულ ვითარებას ეხება. მასში ნათქვამია, რომ სასჯელაღსრულების სისტემა საქართველოში ”ერთ-ერთ პრობლემატურ სფეროდ” რჩება.

ანგარიშის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ”მკვეთრი გადატვირთულობა” ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. ანგარიშში ჩამოთვლილია სასჯელაღსრულების რვა დაწესებულება, სადაც პატიმართა რაოდენობა მათი ტევადობის ზღვარს აღემატება.

”ზოგიერთ დაწესებულებაში გადატვირთულობის გამო გაუსაძლისი პირობებია, რაც რიგ შემთხვევებში შეიძლება შეფასდეს, როგორც პატიმრებისადმი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა,” – ნათქვამია ანგარიშში. 

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი საპატიმროების მშენებლობის პროცესი პრობლემის შემსუბუქებას დაეხმარება, ეს მის მოგვარებას არ ნიშნავს. ამის სანაცვლოდ, სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს ხელისუფლებას უარი თქვას ყოველგვარი დანაშაულის მიმართ ”ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკაზე.

ანგარიშში ასევე საუბარია სახალხო დამცველის ოფისში პატიმრების მიერ შეტანილ საჩივრებზე, სადაც ადმინისტრაციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზეა საუბარი.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ანგარიშში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა გააანალიზა სასამართლოში განხილული მთელი რიგი სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმეები.

”ერთ–ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი სასამართლო სისტემაში არის სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური თუ საბოლოო გადაწყვეტილებების არასაკმარისად დასაბუთებულობის საკითხი,” – ნათქვამია ანგარიშში.

”აღნიშნული პრობლემა არაერთ სისხლის სამართლის საქმეში გვხვდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დღესდღეობით სასამართლოს გადაწყვეტილებების არასაკმარისად დასაბუთებულობა სისტემურ პრობლემას წარმოადგენს,” – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ”ხშირია” შემთხვევები, როდესაც ”საქმის არსებითი განხილვისას განსასჯელის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ დაყენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი სასამართლოს მიერ არ არის დასაბუთებული და სასამართლო მხოლოდ აცხადებს, რომ ადვოკატის შუამდგომლობა უსაფუძვლოა, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რაში გამოიხატება შუამდგომლობაში აღნიშნული გარემოებების დადგენის უსაფუძვლობა”. 

რაც შეეხება პოლიციას, ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა პოლიციის მიერ დაკავებულების ცუდად მოპყრობის ფაქტებს. სახალხო დამცველის წინა მოხსენება, რომელიც 2009 წლის პირველ ნახევარს მოიცავდა, ამგვარი შემთხვევების მატების და დასავლეთ საქართველოში პოლიციის მიერ ძალისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების მატების შესახებ იუწყებოდა.

”იგივე ტენდენცია შეინიშნება 2009 წლის მეორე ნახევარშიც,” – ნათქვამია ანგარიშში.
 
საანგარიშო პერიოდში ”სახალხო დამცველისთვის რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებული დევნისა და თავდასხმის 7 შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი”.

”ამ ფაქტებიდან 6 იეჰოვას მოწმეების რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს უკავშირდება, ერთი კი, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიისას,” – ნათქვამია ანგარიშში.
 
ანგარიშის თანახმად,  ამ ტიპის თავდასხმებისთვის პასუხისგებაში არც ერთი პირი არ მიცემულა 2009 წლის მეორე ნახევარში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button