skip to content
ახალი ამბები

პუტინმა მოსკოვში ბაღაფში მიიღო

26 მარტს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

რუსეთის პრემიერის ვებ-გვერდის თანახმად, შეხვედრის დასაწყისში პუტინმა განაცხადა, რომ სეპარატისტულ რეგიონთან თანამშრომლობისთვის უკვე არსებობს სამართლებრივი ბაზა, მათ შორის სამხედრო სფეროში, რომელიც პრაქტიკულად მუშაობს.

”ახლა ჩვენ გვჭირდება ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევქმნათ კარგი სამართლებრივი ბაზა ეკონომიკური ურთიერთობების განსავითარებლად,”- განაცხადა მან.

მისი თქმით, საჭიროა სარკინიგზო, საავტომობილო და საზღვაო ტრანსპორტის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურის განვითარება.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ თითქმის დასრულებულია სამუშაოები აფხაზეთის ცენტრალური ბაკნისთვის 700 მლნ რუბლის (დაახლოებით, 23.7 მლნ აშშ დოლარი) ოდენობით შეღავათიანი კრედიტის გამოყოფის თაობაზე.

მან ასევე განაცხადა, რომ 2010-2012 წლებისთვის რუსეთი სოხუმს 10 მლრდ რუბლით (დაახლოებით, 338.1 მლნ აშშ დოლარით) დაეხმარება. აქედან, წელს 3 მლრდ რუბლის (101.4 მლნ აშშ დოლარის) გამოყოფაა განსაზღვრული.

თუმცა 24 მარტს ”რია ნოვოსტი” იტყობინებოდა, რომ რუსეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარემ სერგეი სტეპაშინმა აფხაზეთის ლიდერთან გამართულის შეხვედრის ფარგლებში გააპროტესტა ის ფაქტი, რომ 2010 წელს დაგეგმილი თანხებიდან ამ დრომდე აფხაზეთში ”ერთი კაპიკიც” კი არ გადარიცხულა. 

პუტინთან შეხვედრისას სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ მთავარია ყველა შეთანხმება ამოქმედდეს ”დროის გაჭიანურების” გარეშე. ”ჩვენ ცოტა დროს გვაქვს,”- მიმართა მან პუტინს, ”ის საკითხები, რომელიც წარმოიქმნა, აუცილებელია მათი განხილვა და მათი რეალიზაციის სწრაფად დაწყება”.

სერგეი ბაღაფში მოსკოვში ერთკვირიანი ვიზიტით 23 მარტიდან იმყოფება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button