ახალი ამბები

ნატო: ”იმედის” დადგმული სიუჟეტი არაკეთილგონივრული იყო

ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ტელეკომპანია ”იმედის” მიერ 13 მარტს გადაცემული დადგმული სიუჟეტი ”უსარგებლო” და ”არაკეთილგონივრული” იყო.

მან ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ბრიუსელში, პრესკონფერენციაზე დაუსვეს შეკითხვა, თუ წამოწევდა ამ საკითხს ნატო-ს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის დროს, რომელიც ნატოს შტაბბინაში 25 მარტს იგეგმება.

”მე არ ვიცი რა საკითხს დააყენებს ის [გენერალური მდივანი] შეხვედრისას, მაგრამ ვიცი, რომ ნატოს აზრით ეს დადგმული სატელევიზიო გადაცემა იყო არაკეთილგონივრული, უსარგებლო და ის ნატოში დადებითად არ აღიქმება,"- განაცხადა აპატურაიმ.

შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ ამ გადაცემამ გავლენა იქონიოს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესზე, აპატურაიმ უპასუხა, რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთთან კავშირში არ არის.

”საქართველოს ნატოში გაწევრიანება ხვალინდელი დღის საკითხი არ არის; სანამ ეს მოხდება, მანამდე საქართველომ ფუნდამენტალური და გრძელვადიანი რეფორმები უნდა გაატაროს,"- განაცხადა მან, ”ეს სატელევიზიო გადაცემა უკვე შემდგარია და ეს უკვე დამთავრდა. მაგრამ, თუ მეკითხებით ნატო რას ფიქრობს ამაზე [გადაცემაზე], ჩემი პასუხი დადებითი ვერ იქნება.”

25 მარტს, ბრიუსელში პრეზიდენტი სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროპის სახალხო პარტიის სამიტში. ბრიუსელში ყოფნისას ის ასევე შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს.

”ჩვენ საქართველოსთან ღრმა პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს”, – განაცხადა აპატურაიმ. ”ნატოს საქართველოს რეფორმებისადმი და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა – დარწმუნებული ვარ ეს ის საკითხებია, რასაც ის [პრეზიდენტი სააკაშვილი] გენერალური მდივნისგან კიდევ ერთხელ მოისმენს; თუმცა ქვეყანაში [საქართველოში] და მთლიანად რეგიონში ბევრი სხვა რამეც ხდება.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button