
საფრანგეთის ელჩი იმიტირებული რეპორტაჟის შესახებ
საფრანგეთის ელჩმა თბილისში ერიკ ფურნიემ 16 მარტს პრეტენზიები გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია ”იმედის” იმიტირებულ რეპორტაჟში მისი კადრები იქნა გამოყენებული.
ტელეკომპანიის ხელმძღვანელის გიორგი არველაძის სახელზე გაგზავნილ წერილში ფრანგმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ის ”განცვიფრდა,” როდესაც საკუთარი თავი ამოიცნო რეპორტაჟში, სადაც იგი იმ სიტუაციაზე საუბრობს, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება იმიტირებული რეპორტაჟის თემას. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ”სრულიად უპასუხისმგებლო” გადაცემა იყო.
ელჩის თქმით, ამ ფაქტმა ტელეკომპანიის ”რეპუტაციას ზიანი მიაყენა” და ის ძირეული საკითხები წამოწია, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა განიხილოს.
კომისიის მიერ 15 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით ტელეკომპანიამ კვლავ უნდა მოიხადოს ბოდიში და თავის 8-საათიან საინფორმაციო გადაცემაში კომისიის გადაწყვეტილება წაიკითხოს სრულად. კომისიის თქმით, ”იმედმა” დააღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსი და კანონი მაუწყებლობის შესახებ.
საფრანგეთის ელჩის ვიდეოჩანაწერი, სადაც ის ჟურნალისტებს ესაუბრება და რომელსაც ქართული სინქრონული თარგმანი ადევს, იმიტირებული რეპორტაჟის იმ მონაკვეთში იქნა გამოყენებული, რომელშიც ჟურნალისტი უყვება მაყურებელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის და საქართველოში აკრედიტირებული დასავლელი დიპლომატების შეხვედრის შესახებ, სადაც მინისტრმა ელჩებს რუსული სამხედრო ინტერვენციის დეტალები გააცნო. იმავე მონაკვეთში ასევე იქნა გამოყენებული ბრიტანელი და ჩეხი ელჩების საარქივო მასალა.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა დენის კიფმა პროტესტი გამოთქვა ”იმედის” გამოგონილ სიუჟეტში ვითომდა მისი განცხადების გამოყენების გამო, რაც მისი თქმით, ელჩის ”უპატივცემულობაა” და აღნიშნული ”ცუდად აისახება მედიის თვალსაზრისით საქართველოს რეპუტაციაზე”.
აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა განაცხადა 14 მარტს: ”მე არ მგონია, რომ ამ სახის გადაცემები – თუნდაც რომ მას მითითებული ჰქონოდა, რომ ის გამოგონილია – ამ კონკრეტულ მომენტში იყოს ხელისშემწყობი საქართველოს წინაშე მდგომი უსაფრთხოების რეალურ საფრთხეებთან და პრობლემებთან გასამკლავებლად.”
მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს ახლადდანიშნულმა წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა დაგმო ”იმედის” დადგმული საინფორმაციო გამოშვება, როგორც ”ჟურნალისტური უპასუხისმგებლობა.”
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ასევე დაგმო ეს ფაქტი და განაცხადა 16 მარტს, რომ ”მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო გადაცემების დამზადებას სერიოზული დესტაბილიზაციის გამოწვევა შეუძლია ადმინისტრაციული საზღვრების სიახლოვეს”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს იყო ”პოლიტიკური პარანოია”, რამაც ”ძალიან კონკრეტული ზიანი მიაყენა უსაფრთხოებას და სტაბილურობას რეგიონში”.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას ყურადღება გაამახვილოს რუსეთის პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ, ნაცვლად იმისა, რომ ტელეკომპანიის იმიტირებულ რეპორტაჟზე მოახდინოს კონცენტრირება.
”საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს და არის კიდეც ისეთი რეალური ფაქტების მიმართ, როგორიც არის რუსეთის მიერ ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობა, რუსეთის მიერ საქართველოს არჩეული ხელისუფლების დამხობის მიმართ დაწყებული ღია ქმედებები და ე.წ. გავლენის სფეროების აღდგენის მცდელობა და არა ამა თუ იმ ტელევიზიის მიერ მომზადებული ჟურნალისტური სტანდარტების თუნდაც უხეშ დარღვევებზე ყურადღების კონცენტრირება,”- განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 15 მარტს.
This post is also available in: English Русский