
აშშ-ის მოხსენება საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 11 მარტს გამოქვეყნდა, საქართველოში 2009 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ”მნიშვნელოვან მიღწევად” ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღება და თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევის შესახებ გადაწყვეტილება სახელდება.
პარლამენტმა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შარშან ოქტომბერში მიიღო და მისი დებულებების უმეტესობა ძალაში 2010 წლის ოქტომბრიდან შევა.
”ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მთავარი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ჩამოყალიბდეს შეჯიბრობითობის პრინციპზე დაფუძნებული სასამართლო პროცესების სამართლებრივი საფუძველი: სასამართლო განხილვები, სადაც დაცულია ბალანსი ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის, სადაც მოსამართლე არის ნეიტრალური და განზე მდგომი არბიტრი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან სასამართლო პროცესს,” – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
მოხსენება 2009 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს, თუმცა მასში ასევე მოყვანილია უფლებათა დარღვევის ის ფაქტები, რომლებიც წინა წლებში მოხდა, თუმცა დღემდე გამოუძიებელი რჩება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2009 წელს საქართველოში ”მედიის თავისუფლებისადმი პატივისცემა შემცირდა”.
ისევე როგორც წინა ანგარიშში, ამ ბოლო მოხსენებაშიც აღნიშნულია, რომ ”არსებობს სანდო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობამ შეზღუდა სიტყვის და პრესის თავისუფლება”.
”წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები და ოპოზიციური პოლიტიკოსები დაადანაშაულეს იმაში, რომ საინფორმაციო სამსახურების და ტელევიზიების ხელმძღვანელობასთან მათი პირადი კავშირების გზით გავლენა მოახდინეს სარედაქციო და სამაუწყებლო ბადესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე,” – ნათქვამია ანგარიშში.
იქვე აღნიშნულია, რომ ბრალდებები ასევე უკავშირდებოდა მედიის სარეკლამო შემოსავლებზე ზემოქმედებას ბიზნესმენებთან პირადი კავშირების გამოყენებით.
”ნაციონალური მასშტაბით მაუწყებელი კერძო ტელეარხები ”რუსთავი 2” და ”იმედი” – ორი ყველაზე პოპულარული ტელეარხი, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებელი მთლიანობაში სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის გამტარებლებად მიიჩნევიან,” – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მედია ”კვლავ ძალიან შეზღუდული რჩება დე ფაქტო ხელისუფლებების და რუსული საოკუპაციო ძალების მიერ”.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ შარშან დაუსაბუთებელი დაპატიმრებების სავარაუდო შემთხვევებმა იმატა. 2009 წელს ადამიანის უფლებათა მთავარ დარღვევებს შორის ასევე დასახელებულია ცნობები პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებების, პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენების, სასამართლო სისტემაზე ხელისუფლების ზეწოლის, ”ელიტური კორუფციის”, ციხეებში ცუდი მდგომარეობის და პატიმართა ცუდი მოპყრობის შესახებ.
ანგარიშის თანახმად, შარშან ასევე ადგილი ქონდა მთავრობის მხრიდან შეკრების თავისუფლების უფლებაში ჩარევის შემთხვევებს.
”იმ დროს, როდესაც არასაპარლამენტო ოპოზიციის სამთვიანი საპროტესტო აქციები ზოგადად მშვიდობიანად ჩატარდა, აშკარა დისბალანსი იგრძნობოდა აქციებთან დაკავშირებულ ინციდენტებში – ოფიციალური პირების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები სწრაფად იქნა გამოძიებული, მაშინ როცა მსგავს მიდგომას ადგილი არ ქონია იმ დანაშაულების მიმართ, რომლებიც ოპოზიციის აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელდა,” – ნათქვამია ანგარიშში.
წინა ანგარიშის მსგავსად, ამ მოხსენებაშიც აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ წვრილი კორუფცია შემცირდა, შეშფოთებას კვლავ იწვევს მაღალი დონის და ”ელიტური კორუფცია”.
აშშ-ის ელჩის კომენტარი
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სადაც ის ამბობს, რომ მოხსენებაში რამდენიმე მნიშვნელოვან მიღწევასთან ერთად, აღნიშნულია ის სფეროები, რომელშიც ”საქართველოს ესაჭიროება მეტი პროგრესი, რათა უზრუნველყოს ადამიანის საყოველთაო უფლებების დაცვა და დააკმაყოფილოს ისეთ ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის აუცილებელი სტანდარტები, როგორიცაა ნატო.”
”საქართველოს შესახებ წლევანდელ ანგარიშში ასახულია გარდამავალ ეპოქაში მყოფი ქვეყანა და საზოგადოება, რომელიც ოკუპაციისა და კონფლიქტის შემდეგ, ევროპასა და ჩრდილო-ატლანტიკურ რეგიონთან თანამშრომლობით, თავისუფალი საზოგადოების ნორმებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული მომავლის აშენებას ცდილობს,” – განაცხადა ბასმა.
ელჩმა ვიდეო მიმართვაში ასევე აღნიშნა, რომ ”მედიის თავისუფლების ხარისხი შემცირდა.”
მისი თქმით, ანგარიში მთელ საქართველოს ტერიტორიას, მათ შორის სეპარატისტულ რეგიონებსაც მოიცავს.
“ანგარიშში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებები ირღვეოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, თუმცა აღნიშნულია, რომ ოკუპირებული რეგიონები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება,” – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ”გულისხმიერად” მოეკიდა კრიტიკას და მოხსენებაში მოყვანილი ფაქტების შესწავლას. ”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი მიდგომა [ხელისუფლების მხრიდან] მომავალშიც გაგრძელდება,” – დასძინა ბასმა.