ახალი ამბები

ევროკავშირი მიესალმა თბილისის სტრატეგიას სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებაში

ევროკავშირი ”მხედველობაში იღებს” საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში: ჩართულობა თანამშრომლობის გზით და მიესალმება საქართველოს მზადყოფნას კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვაროს, განაცხადა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა.

”ევროკავშირი მიესალმება ამ ინიციატივის სულისკვეთებას, როგორც დაძაბულობის შემცირებისკენ, ნდობის აღდგენისა და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების მაცხოვრებლებთან ურთიერთობისკენ გადადგმულ კონსტრუქციულ ნაბიჯს,” – განაცხადა მან 10 მარტს ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებაში.

სახელმწიფო სტრატეგია საქართველოს მთავრობამ 27 იანვარს დაამტკიცა. დოკუმენტში, რომელიც მთავრობის განცხადებით, ფართო დისკუსიების შედეგად შეიქმნა, ნათქვამია, რომ ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას საქართველო მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავს, ”გამორიცხავს კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტას” და ორიენტირებულია ”გამყოფი ხაზებით განცალკევებულ” მოსახლეობის შერიგებისკენ და ნდობის აღდგენისაკენ. დოკუმენტი ასევე შეიცავს ინიციატივას შეიქმნას სპეციალური ფონდები სახელმწიფოს, დონორების და კერძო ინვესტორების მონაწილეობით ერთობლივი ბიზნეს საქმიანობების მხარდაჭერის მიზნით.

დოკუმენტი “აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მაკონტროლებელი ძალაუფლების წარმომადგენლებთან” ურთიერთობისათვის ”ნეიტრალური სტატუსის” მქონე მექანიზმების შემუშავებას ითვალისწინებს, სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. ეშტონმა აღნიშნა განცხადებაში, რომ ევროკავშირი მიესალმა ნეიტრალური სტატუსის მქონე მექანიზმების შექმნის ინიციატივას და ყველა დაინტერესებულ მხარეს მისი შექმნის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

”საქართველოსთვის მთავარი პრიორიტეტი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ სამართლებრივი და ადმინისტრაციული სტრუქტურა, მათ შორის კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და მისი განხორციელება, შესაბამისობაში იქნას მოყვანილი იმ შეხედულებებთან, რომლებიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა ამ საკითხზე,” – ნათქვამია განცხადებაში.

10 მარტს სტრასბურგში ევროპარლამენტში გამოსვლისას ეშტონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ნდობის აღდგენის ღონისძიებებს, რათა სეპარატისტულ რეგიონებთან კავშირები აღდგეს.

მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირს ”ყოვლისმომცველი დღის წესრიგი” გააჩნია, როდესაც ის საქართველოს საკითხს განიხილავს რუსეთთან. ეშტონის თქმით, მან საქართველოს საკითხი გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განიხილა. 

”ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი სტრუქტურები, მეტი მოქნილობა და უკეთ მომზადება, თუ გვინდა, რომ საქართველო სანიმუშო გახდეს სამომავლოდ,” – განაცხადა მან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button