ახალი ამბები

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2009 წელს 29%-ით შემცირდა

2009 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5.513 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 29.3%-ით ნაკლებია, იტყობინება ”საქსტატი”.

ექსპორტის ოდენობა შეადგენდა 1.135 მლრდ აშშ დოლარს, წინა წელთან შედარებით 24.1%-ით ნაკლებს, ხოლო იმპორტი 4.378 მლრდ აშშ დოლარი  – 30.6%-ით ნაკლები იყო. ამავე პერიოდში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 32.5%-ით შემცირდა 3.243 მლრდ აშშ დოლარამდე, 2008 წელს არსებული 4.56 მლრდ აშშ დოლარიდან.

თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად დარჩა 1.014 მლრდ აშშ დოლარიანი სავაჭრო ბრუნვით, რაც 15.7%-ით ნაკლებია 2008 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა შარშან 544.4 მლნ აშშ დოლარამდე დაეცა 2008 წელს არსებული 813.2  მლნ აშშ დოლარიდან, ეს ქვეყანა მაინც საქართველოს მეორე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება.

მესამე ადგილზეა უკრაინა 502.3 მლნ აშშ დოლარით, 2008 წელს არსებულ 791.8 მლნ აშშ დოლართან შედარებით. შემდეგ მოდიან გერმანია – 324.4 მლნ აშშ დოლარი; რუსეთი – 310.2 მლნ აშშ დოლარი; აშშ – 263.6 მლნ აშშ დოლარი; ბულგარეთი – 235.1 მლნ აშშ დოლარი; ჩინეთი – 180.6 მლნ აშშ დოლარი; იტალია – 150.9 მლნ აშშ დოლარი; კანადა  – 131.3 მლნ აშშ დოლარი.

2009 წელს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებიდან პირველი ადგილი კვლავ ფეროშენადნობებმა დაიკავა 130 მლნ აშშ დოლარის ოდენობით; შემდეგ მოდის დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქროს ექსპორტი, რამაც 116.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საიმპორტო სასაქონლო ჯგუფის სათავეში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო 555.3 მლნ აშშ დოლარით, რასაც მოჰყვება მსუბუქი ავტომობილები 254.7 მლნ აშშ დოლარით და სამკურნალო საშუალებები 175.2 მლნ აშშ დოლარით.

This post is also available in: English Русский

Back to top button