
ქართველი ჟურნალისტი შვეიცარიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს
ვახტანგ კომახიძე, საგამოძიებო ჟურნალისტი და სტუდია "რეპორტიორის" ხელმძღვანელი შვეიცარიის ხელისუფლებას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს.
”ეს უმძიმესი გადაწყვეტილება განპირობებულია ხელისუფლებისგან გამოვლენილი პირდაპირი, აგრესიული მუქარით, რომლის მიხედვითაც არაორაზროვნად მიმანიშნეს, რომ ჩემი საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში ჩემი, ან ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლე დადგებოდა საფრთხის ქვეშ,”- ნათქვამია წერილში, რომელიც შვეიცარიაში მყოფმა კომახიძემ presa.ge-ს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა.
შვეიცარიის საელჩომ თბილისში კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
წერილში კომახიძე ამბობს, რომ მუქარები მოჰყვა რესპუბლიკური პარტიის წევრთან პაატა ზაქარეიშვილთან და ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის თავმჯდომარესთან მანანა მებუკესთან ერთად 16-17 დეკემბერს ცხინვალში მის სტუმრობას, სადაც ”მივიღე მნიშვნელოვანი მასალა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით”.
”ჩემთვის უცნობია, კონკრეტულად რომელი ინფორმაცია შეიძლებოდა ყოფილიყო განსაკუთრებულად მტკივნეული საქართველოს ხელისუფლებისთვის, მაგალითად ის, რომ ომამდე ორი დღით ადრე 6 აგვისტოს სახელმწიფო მინისტრი ცხინვალის ხელისუფლებას უთანხმებდა პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომლის ალანა გაგლოევას ბებიის ცხინვალიდან ევაკუაციის საკითხს, როცა, სრულიად დაუცველი ქართული მოსახლეობა ხელში შეატოვა რუსეთის არმიას, თუ ჩემს ხელთ არსებულმა რაიმე სხვა ინფორმაციამ აღძრა ხელისუფლების აგრესია ჩემი მისამართით,”- აცხადებს კომახიძე.
ალანა გაგლოევამ უარყო მისი ბებიის ცხინვალიდან ევაკუაციის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებასა და სეპარატისტულ ცხინვალს შორის რაიმე მოლაპარაკებები, იტყობინება ”ინტერპრესნიუსი”.
კომახიძის თქმით, დოკუმენტური ფილმი მის მიერ ცხინვალში მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით დასრულდება და მას საზოგადოება ”აუცილებლად” ნახავს. ამისთვის, კომახიძის თქმით, თავშესაფრის მოთხოვნა ”ერთადერთი გარანტირებული გზა” იყო.
კომახიძე სტუდია ”რეპორტიორს” ხელმძღვანელობდა, რომელმაც სხვა საგამოძიებო დოკუმენტურ ფილმებთან ერთად ასევე გადაიღო ფილმი 2008 წლის 21 მაისის არჩევნების დღეს ხურჩაში მომხდარი სროლების შესახებ, რომელიც ინციდენტის ოფიციალურ ქართულ ვერსიას ეწინააღმდეგება და რომლის თანახმადაც ინციდენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ იყო დადგმული – ეს ვარაუდი მოგვიანებით გაეროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებმაც გაამყარა.
კომახიძე ასევე არის პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებების გამოძიების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ავტორი – ფილმისა, რომელიც სერიოზულ ეჭვებს აღძრავს გამოძიების ოფიციალურ წინასწარ დასკვნებთან დაკავშირებით (ოფიციალურად გამოძიება ჯერ არ დასრულებულა), რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრი არასწორად დამონტრაჟებული გამათბობლიდან გამოჟონილი მხუთავი გაზით გაიგუდა.
This post is also available in: English Русский