
ეროვნული ბანკი ლარის გრძელვადიან რყევას არ პროგნოზირებს
ეროვნული ვალუტის – ლარის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სტაბილურობა გარანტირებულია, თუმცა ”მოკლევადიანი გაუფასურება და გამყარება ყოველთვის იქნება”, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ 29 იანვარს.
1 იანვრიდან დღემდე აშშ დოლართან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1.69-დან 1.74-მდე დაეცა.
თუმცა როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირწმუნება, ამ რყევის ”ფუნდამენტური ეკონომიკური საფუძვლები არ არსებობს” და ის უკავშირდება ეკონომიკურად პასიური იანვრის სეზონურ ფაქტორს, სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის გამყარებასა და შექმნილ აჟიოტაჟს, ”რომელიც სამწუხაროდ ყოველთვის ახასიათებს საზოგადოების ქცევას ასეთ შემთხვევაში”.
”მინდა დაგარწმუნოთ, რომ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ლარის სტაბილურობა გარანტირებულია,” – განაცხადა მან, ”ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, რომელიც 2 მილიარდ დოლარზე მეტია, ამავდროულად ეროვნულ ბანკს გააჩნია საკმარისზე მეტი რესურსი და ყველა სათანადო ინსტრუმენტი იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩაერიოს ბაზარზე”.