ახალი ამბები

სააკაშვილი აშშ-ის ავღანეთში იარაღის მიწოდების მარშრუტს სთავაზობს

საქართველომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მისი ტერიტორიის ავღანეთში იარაღის მიწოდების მარშრუტად გამოყენება შესთავაზა, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა Associated Press-თან ინტერვიუში.

ამ წინადადებით, რომელიც სააკაშვილის თქმით, პირველად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს 2009 წლის ივლისში საქართველოში ვიზიტის დროს გააცნო, საქართველო სთავაზობს აშშ-ის გამოიყენოს საქართველოს პორტები ალიანსის სამხედრო მომარაგების გემებისთვის, ხოლო აეროპორტები – ალიანსის თვითმფრინავების საწვავის შესავსებად.

ამავე ცნობის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დეპარტამენტი საქართველოს შეთავაზების საქმის კურსშია, თუმცა ეს საკითხი სიღრმისეულად ჯერ არ განუხილავთ.  

2005 წლის მარტში საქართველომ და ნატომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ნატოს მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის, საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენებას ავღანეთში ალიანსის შეიარაღებული ძალებისთვის საქართველოს გავლით ტვირთების მისაწოდებლად. თუმცა, საქართველოზე გამავალი ეს მარშრუტი იარაღის გადაზიდვას არ ითვალისწინებს.

”არა მგონია, რომ რუსეთი ღიად შეეწინააღმდეგოს ამას,” – განაცხადა სააკაშვილმა ინტერვიუში.

”ამ რეგიონში რუსეთის ავანტიურების შეკავების საუკეთესო საშუალება არის პოლიტიკური გზა,” – განაცხადა მან, ”არა მგონია, რომ ამერიკელებს ჰქონდეთ იმის რესურსი, რომ ეს სამხედრო გზით გააკეთონ და არა მგონია, რომ ამ მარშრუტმა რამენაირად, თუნდაც არაპირდაპირი გზით, შეასრულოს სამხედრო შემაკავებლის ან შემაჩერებლის ფუნქცია.” 

საქართველომ ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობისთვის ასეული გააგზავნა და გაზაფხულზე ბატალიონის გაგზავნასაც აპირებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button