ახალი ამბები

სააკაშვილი: ჯანდაცვა და განათლება მთავარი პრიორიტეტებია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 28 იანვარს განაცხადა, რომ ჯანდაცვა და განათლება ქართული სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტებია.

მან ეს განაცხადება ჯანდაცვისა და სადაზღვევო სისტემაში დაგეგმილი რეფორმების განხილვისას გააკეთა შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილი და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები.

”ჩვენი პოლიტიკა ჯანდაცვაზე არ ატარებს ერთჯერადი დეკლარაციის ხასიათს. ჩვენ გვინდა, მე მაქვს ეს ამბიცია, რომ უახლოეს წლებში ჩვენ ჯანდაცვა გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი და ისეთივე ხარისხის როგორიცაა წამყვან უცხოეთის ქვეყნებში,”- განაცხადა პრეზიდენტმა.

27 იანვარს მთავრობის სხდომაზე საუბრისას გილაურმა განაცხადა, რომ 2010 წლიდან სახელმწიფოს მიერ ყოველ ახალდაზღვეულის პაკეტში "გარკვეული რაოდენობა წამლის" თანადაფინანსებაც შევა, ხოლო დაზღვევის ხანგრძივობა 3-წლიანი იქნება.

”ჩვენ ახლა შემოგვაქვს თანადაფინანსება [წამლების] 50%,”- განაცხადა სააკაშვილმა.

იმავდროულად, იგეგმება სადაზღვევო კომპანიებისათვის რეგიონებში არსებული საავადმყოფოების გადაცემა მათი რეაბილიტაციის მიზნით და ასევე ახალი კლინიკების აშენება, რაც გილაურის თქმით, 100 საავადმყოფოს პროგრამის სახეცვლილებაა და მშენებლობის ”ბუმს” გამოიწვევს. მან ასევე განაცხადა, რომ მომავალი წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება სერვისის ახალი სტანდარტები საავადმყოფოებისთვის, რომელთა დაცვაც სავალდებულო იქნება სადაზღვევო კომპანიებისათვის და ეს უბიძგებს მათ კლინიკების მშენებლობისკენ.  

”ჩვენ უნდა გვქონდეს მაღალი დონის კლინიკები, სადაც სადაზღვევო კომპანიები თვითონ მიიყვანენ ამ ხალხს,”- განაცხადა სააკაშვილმა რეფორმის ამ მიმართულებაზე საუბრისას, ”საბოლოო ჯამში ჩვენ არ უნდა მოგვიკვდეს ადამიანი იმის გამო, რომ მას არ აქვს ფული”. 

ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გააკრიტიკა რეგიონების საავადმყოფოების მენეჯმენტში სადაზღვევო კომპანიების შეყვანის გეგმები, რაც, მისი თქმით, ”დაუშვებელია”, რადგან ეს ფასების ზრდას და მომსახურების გაუარესებას გამოიწვევს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button