ახალი ამბები

”სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ”

27 იანვარს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დოკუმენტი ”სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით.”

”ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ მოხდეს ამ რეგიონების იზოლაცია, განსაკუთრებით დანარჩენ საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ბედი იყოს დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპანტი ქვეყნის კეთილ ნებაზე,”- განაცხადა 27 იანვარს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

”ამდენად ვაპირებთ აქტიური პოლიტიკა გავატაროთ,”- განაგრძო მან, ”რათა იქ მცხოვრებ მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება მიიღოს ნორმალური განათლება, მიიღოს ნორმალური ჯანდაცვა, ჩაერთოს ეკონომიკურ პროექტებში, ჩაერთოს კულტურულ პროექტებში და ჩაერთოს ყველა იმ ღონისძიებებში, რომელიც ტარდება დანარჩენ საქართველოსთან მიმართებაში”.

დოკუმენტში, რომელიც მთავრობის განცხადებით, ფართო დისკუსიების შედეგად შეიქმნა, ნათქვამია, რომ ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას საქართველო მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავს, ”გამორიცხავს კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტას” და ორიენტიებულია ”გამყოფი ხაზებით განცალკევებულ” მოსახლეობის შერიგებისკენ და ნდობის აღდგენისაკენ.

ამ მიზნების განსახორციელებლად მთავრობა კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებას 30 ივნისამდე გეგმავს. ასევე გეგმაშია სტატეგიული დოკუმენტის გაცნობა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.  

დოკუმენტი “აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მაკონტროლებელი ძალაუფლების წარმომადგენლებთან” ურთიერთობისათვის ”ნეიტრალური სტატუსის” მქონე მექანიზმების შემუშავებას ითვალისწინებს, სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

”აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მაკონტროლებელი ძალაუფლება”, დოკუმენტის ტერმინთა განმარტების დანართში ახსნილია, როგორც ”ოკუპანტი ძალის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი და მხარდაჭერილი მარიონეტული რეჟიმები”. დოკუმენტის ოფიციალური ინგლისური თარგმანი ტერმინთა განმარტების დანართს არ შეიცავს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია: ”საქართველოს მთავრობა განაგრძობს საოკუპაციო ძალასთან მუშაობას ჟენევის დისკუსიების ფორმატში და/ან სხვა პოტენციური ფორუმების ფარგლებში,  რათა უზრუნველყოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელება”.

მსგავსი/Related

Back to top button