ახალი ამბები

დონეცკის პროკურატურამ ქართველი დამკვირვებლების წინააღმდეგ საქმე აღძრა

დონეცკის რაიონულმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დაურეგისტრირებელი ქართველი დამკვირვებლების მიერ ყალბი ჟურნალისტური მოწმობების გამოყენების ფაქტზე, იტყობინება უკრაინული მედია დონეცკის მერის ალექსანდრე ლუკიანჩენკოს განცხადებაზე დაყრდნობით.

”ყველა მასალის, [ჟურნალისტის] დროებითი მოწმობების შესწავლის შედეგად, პროკურატურა მივიდა დასკვნამდე, რომ ეს ქმედებები იყო უკანონო,”- განაცხადა მერმა.

საქართველოს ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა, რომელიც კვლავ უკრაინაში იმყოფება და დეპუტატ გივი თარგამაძესთან ერთად ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებულ საკითხებს უწევს კოორდინაციას, 18 იანვარს რადიო ”თავისუფლების” ქართულ ბიუროს განუცხადა, რომ მას შემდეგ რაც უკრაინის ცესკომ ქართველი დამკვირვებლების რეგისტრაციაზე უარი თქვა, “ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მოგვეძებნა ალტერნატიული გზები.” 

”ეს ალტერნატიული გზა იყო ადგილობრივ მედიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა და მათ [უშტატო] რეპორტიორებად რეგისტრაცია, რაც ბევრად უფრო ადვილია და რაც კანონის სრული დაცვით მოხდა,” –  განაცხადა თარხნიშვილმა.

დონეცკის მერმა ასევე განაცხადა, რომ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დონეცკში ქართველ დამკვირვებლები კვლავ რჩებიან და მეორე ტურისთვის მათი მატებაა ნავარაუდევი, რადგან ”მასობრივად იჯავშნება სასტუმროებში ნომრები”. მისი თქმით, მან მიმართა საქართველოს ელჩს უკრაინაში გრიგოლ ქათამაძეს, რათა ხელი შეუშალოს ქართველი დამკვირვებლების ჩასვლას ცესკოს სანქცირების გარეშე.

2 ათასზე მეტი ქართველი დამკვირვებელი უკრაინის ცესკომ ოფიციალურ დამკვირვებლებად არ დაარეგისტრირა არჩევნების პირველ ტურზე. საქართველოს ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს სულ მცირე 400 დამკვირვებელი წარადგინოს 7 თებერვალს დანიშნული არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგის მიზნით. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button