ახალი ამბები

პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევაზე ალასანიას უარი უთხრა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარი უთხრა ალიანსი საქართველოსთვის ლიდერს ირაკლი ალასანიას უკრაინის არჩევნებში ქართველ დამკვირვებელთა თემაზე უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით.

”ეს სხვა არაფერია თუ არა აი ამ საკითხების, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების საკითხის გამოყენება წინასაარჩევნოდ, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისათვის,”- განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 22 იანვარს.

მისი თქმით, ალასანიას გუნდი უშიშროების გაფართოებულ სხდომებში მონაწილეობას არ იღებდა ისეთ სტრატეგიულ საკითხებზე, როგორიცაა ”ოკუპაცია და რუსეთთან ურთიერთობა”.

მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტი კვლავაც მზად არის მიიღოს მონაწილეობა ”ქვეყნისათვის საჭირბოროტო” საკითხების განხილვაში, ”მაგრამ აქვე განმარტავს და მოუწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ არ მოხდეს ამ თემების და ამ გაფართოებული საბჭოს სხდომის საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება”.

დღეს ალასანიამ უშიშროების საბჭოს მოწვევა და მასზე იმ ადამიანების გამოაშკარავება და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა, ვინც დაგეგმა უკრაინის არჩევნებთან დაკავშირებული ”პოლიტიკური ავანტიურა”.

ბოლო თვეებში უშიშროების საბჭოს სამი გაფართოებული სხდომა ჩატარდა ოპოზიციის მონაწილეობით, რასაც პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა, როგორც ”თანამშრომლობის მაგალითს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის”. აქედან ალასანიამ მხოლოდ აგვისტოში გამართულ პირველ ასეთ შეკრებაში მიიღო მონაწილეობა, დანარჩენს კი აღარ დასწრებია. 

ნოემბერში გამართული ერთ-ერთი ბოლო სხდომა ქრისტიან-დემოკრატების მოთხოვნის საფუძველზე მოიწვიეს და მასზე რუსეთთან ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის მიზანშეწონილობის საკითხი განიხილეს.

ვიცე-სპიკერმა ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობიდან ლევან ვეფხვაძემ განუცხადა Civil.ge-ს, რომ მისი პარტია მხარს უჭერს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას, თუმცა არა დამკვირვებლებთან დაკავშირებით ”მერაბიშვილის და თარგამაძის საკითხის” გამო, არამედ საქართველოს ხელისუფლების პოზიციების გასარკვევად უკრაინის არჩევნების შესაძლო შედეგების მიმართ.   

”ძალიან მძიმე თემაა, რადგან როგორც მე ვუწოდებ, თუ გაიმარჯვა ”რუსმა კანდიდატმა”, მოსკოვში მიიჩნევენ, რომ თუ კიევის თემა მოგვარდა, შესაძლოა საქართველოს საკითხი დადგეს,”- განაცხადა ვეფხვაძემ, ”ამიტომ საჭიროა სხდომის მოწვევა და გაგება რა პრევენციული გეგმები გააჩნია ხელისუფლებას ასეთ შემთხვევაში”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button