skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: პუტინს საქართველოსთვის არაფერი კარგი არ სურს

პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, რუსეთის პრემიერ-მინისტრ პუტინს საქართველოსთვის კარგი არაფერი სურს და ”დავანებოთ თავი ილუზიებს” იმის თაობაზე, რომ ”პუტინი რამეს თავის ნებით დაგვიბრუნებს”.

”დროა უკვე გავიგოთ რამდენიმე რაღაც. ერთი, რომ ბატონ პუტინს საქართველოსთვის არაფერი კარგი ნამდვილად არ სურს. ეს არის ორჯერ ორი ოთხი,”- განაცხადა სააკაშვილმა ტალინის ერთ-ერთი სუპერმარკეტის ღვინის სექციაში სატელევიზიო კომენტარისას.

”მეორე, მისი წარმოდგენით ქართველი ხალხი ეს არის, დაახლოებით, ვირს რომ წინ დაუკიდებ თივას და წამოიყვან რაზეც გინდა წინ თივის და სატყუარას ქნევით,”- განაგრძო მან, ”აი ახლა მოდი ღვინოს შემოვუშვებ, აი ახლა მოდი ფრენებს აღვადგენ, აი ახლა მოდი ვიზებს მოგიხსნით, აი ახლა მოდი ტერიტორიებს დაგიბრუნებთ და გაყვება ამ სატყუარას ჩვენი ხალხი, როგორც მას [პუტინს] წარმოუდგენია. მაგრამ, ნამდვილად ძალიან ზერელე წარმოდგენა აქვს მას იმაზე, თუ რა არის საქართველო და ქართველები. ის ხალხი ვინც იქ დადის მასთან შეიძლება მართლაც აგონებდეს მას რომელიმე მისთვის ნაცნობ ცხოველს, მაგრამ საქართველოს ის არ იცნობს და არ იცის რა არის ქართველი ხალხის გონიერება, ღირსება, რაციონალური აზროვნება და ასევე გამბედაობა”.

სააკაშვილმა გაიხსენა ის განცხადებები, რომელიც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა მედვედევმა საქართველოსთან ფრენების აღდგენისა და ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების თაობაზე გააკეთა. 

ამ განცხადებების შემდეგ ქართულ ავიაკომპანიას მხოლოდ სამი ჩარტერული რეისის შესრულების ნებართვა მისცეს მოსკოვიდან. რაც შეეხება რეგულარული ფრენების აღდგენას, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ ინიციატივით ქართული მხარე უნდა გამოვიდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებები. თუმცა თბილისში აცხადებენ, რომ პირველი ნაბიჯი რუსეთმა უნდა გადადგას, ვინაიდან მისი ინიციატივით შეწყდა საჰაერო მიმოსვლა. 

”ჯერ თქვეს, რომ ჩვენ წინააღმდეგი არაფრის არ ვართ, სულ იმედი ქონდათ, რომ საქართველოს მთავრობა იტყოდა თანხმობას ფრენებზე, ისევე როგორც ამბობენ ქართულ პროდუქციას შევუშვებთ, ამბობენ რომ ყველანაირ ბარიერებს მოვხსნით,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ასე რომ, ჩვენი ამოცანა დღეს არის არა, რომ ამ თივის სატყუარას წავყვეთ, ჩვენი ამოცანა არის ვიმუშაოთ რეალურად იქ, სადაც ჩვენთვის მეგობრული ბაზრებია, რომელიც არასოდეს არ დაიხურება ჩვენთვის”.

”დავანებოთ თავი ილუზიებს იმის თაობაზე, რომ შაჰ-აბასი, მურვან ყრუ და რომელიმე ყეენი და პუტინი, მითუმეტეს, რამე თავის ნებით დაგვიბრუნებს, დაგვითმობს, მოგვეფერება და გულში ჩაგვიკრავს,”- აღნიშნა მან.

სააკაშვილმა იმ ”ხალხში, ვინც პუტინთან დადის”, ყოფილი პრემიერი და მოძრაობა სამართლიანის საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი იგულისხმა, რომელიც ერთადერთი ოპოზიციონერია, ვინც აგვისტოს ომის შემდეგ საჯაროდ შეხვდა დეკემბერში რუსეთის პრემიერს მოსკოვში.

იმავდროულად, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია მათი მოსმენა, ვისაც რუსეთთან საუბარი სურს.

”რაც შეეხება ბატონ ნოღაიდელთან კონტაქტებს, ჩვენ მათზე უარი არასოდეს გვითქვამს,”- იუწყება ”რია ნოვოსტი” ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით, ”ჩვენ არ გაგვიწყვიტავს დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსთან. ასე რომ, ჩვენ არ ვართ დამნაშავეები იმაში, რომ ოფიციალური ხაზით კონტაქტები ჩვენ ძალიან მწირი გვაქვს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button