ახალი ამბები

სააკაშვილი რუსეთის ”სარკისებური პროპაგანდის” წინააღმდეგ დახმარებას ითხოვს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 21 იანვარს, რომ ”რუსეთის ლიდერები კვლავ გეგმავენ ჩვენ განადგურებას” და მხარს უჭერენ ”საქართველოში ე.წ. რეჟიმის შეცვლის პოლიტიკას”. 

სააკაშვილმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ესტონეთში იმყოფება, განუცხადა ტალინში საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტში შეკრებილ საზოგადოებას, რომ საქართველოს დახმარება სჭირდება ”სიმართლის გავრცელებაში”, რათა შეჩერდეს რუსეთის მცდელობა შექმნას საბაბი იმის გასამეორებლად, რაც 2008 წლის აგვისტოში მოსკოვმა გააკეთა.   

თავის შესავალ სიტყვაში, რომელიც ტელეკომპანია ”იმედმა” პირდაპირ ეთერში გადასცა, სააკაშვილმა ”სარკისებური პროპაგანდის” რუსულ ტაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც, მისი თქმით, მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ აქტიურად იყენებს.

”მე შოკირებული ვიყავი, თუ როგორ მოახერხეს რუსმა დამპყრობლებმა ამ სურეალისტური აზრის შექმნა, რომ საქართველო – ქვეყანა, რომელიც მათ დაიპყრეს – რუსეთის ხელმძღვანელობის პროვოცირებას ახდენდა,” – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთმა ”სარკისებური პროპაგანდის” სტრატეგია გამოიყენა, როდესაც საქართველოს ”სწორედ იმ დანაშაულების ჩადენაში დასდო ბრალი, რომელთა ჩადენასაც თავად რუსეთი აპირებდა ან რომლებიც უკვე ჩადენილი ქონდა”.

ნაცისტები პირველები იყვნენ, რომლებმაც ”სარკისებური პროპაგანდის” ეს ტაქტიკა ”დახვეწილ სისტემად გადააქციეს,” – განაცხადა სააკაშვილმა. 

”მათ ებრაელები დაადანაშაულეს მეორე მსოფლიო ომის მომზადებაში; სინამდვილეში კი ისინი [ნაცისტები] თავად აქტიურად ემზადებოდნენ… მათ [ნაცისტებმა] პოლონელები დაადანაშაულეს პროვოკაციების ორგანიზებაში; სინამდვილეში კი ისინი [ნაცისტები] აწყობდნენ [პროვოკაციებს] საზღვრებზე და ასე შემდეგ,” – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ”სარკისებული პროპაგანდის” იგივე მიდგომა გამოიყენეს ექსტრემისტებმა ჰუტუს ტომიდან, როდესაც მათ რუანდაში უმცირესობაში მყოფი ტუტსის ტომის გენოციდი განიზრახეს.

მისი თქმით, რუსეთი იმავე ტაქტიკას იყენებს საქართველოს წინააღმდეგ, ცდილობს რა ”შეცვალოს რეალობა გაზპრომის მიერ დაფინანსებული მედიის და ზოგჯერ, სამწუხაროდ, სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვის მეშვეობით”.

”ჩვენ არ ვთხოვთ ჩვენ მეგობრებს ჯარები და იარაღი გამოგვიგზავნონ; ჩვენ დახმარებას ვთხოვთ მათ იმით, რომ მთელ მსოფლიოს მოუყვნენ სიმართლე,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”ჩვენ გვჭირდებით, ჩემო მეგობრებო, რათა შეებრძოლოთ ამ სარკისებურ პროპაგანდას”.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ”საქართველოს მთავრობა კვლავ ხელისუფლებაში რჩება” არის გზავნილი რეგიონის მასშტაბით, რომ ”რუსეთის ხელმძღვანელობა საკმაოდ ცუდად კი მოიქცა, როდესაც სუვერენული ქვეყანა დაიპყრო, თუმცა საკმაოდ ძლიერი ვერ გამოდგა, რომ მისი მთავრობა ჩამოეგდო”.

”ეს გზავნილი მთელი რეგიონს ესმის და ვლადიმერ პუტინი ამას ვერ იტანს; ამრიგად, ისინი კვლავ დაგეგმავენ და გააკეთებენ რამეს. მაგრამ ახალი ომის გასაჩაღებლად მათ სჭირდებათ ჩვენი დისკრედიტაცია ჩვენი სარკისებური დადანაშაულების გზით და ჩვენ გვჭირდებით, რომ დაუპირისპირდეთ ამ სტრატეგიას…  ის სიმართლე, რომელიც თქვენ შესაძლოა გაავრცელოთ ჩვენი წვალებისა და მართალი მიზნების შესახებ უფრო მეტად დაგვიცავს, ვიდრე ტანკები და ტყვიები,” – განაცხადა სააკაშვილმა.

”იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ კიდევ ერთი დანაშაული, გთხოვთ დაგვეხმაროთ მსოფლიოს გათვითცნობიერებაში; ნუ დაუშვებთ, რომ ღამემ კვლავ დაისადგუროს საქართველოში,” – დასძინა მან.

მისი თქმით, რუსეთი კვლავ ”ოკუპირებულ ძალად” რჩება საქართველოში და უკმაყოფილება გამოთქვა რომ ”სამწუხაროდ, გარდა რამოდენიმე პარლამენტისა, ვერავინ ბედავს ეს ხმამაღლა თქვას”.

”სხვა რა უნდა ვუწოდოთ ამას? ის, რასაც რუსები საქართველოში აკეთებენ, სამხედრო ტურიზმია?” – განაცხადა სააკაშვილმა.

გამოსვლისას მან ასევე აღნიშნა, რომ ესტონეთი საქართველოს ”საუკეთესო მეგობარია” და ”უზარმაზარი სიამოვნება და დიდი შვებაა იმ ადამიანებთან შეხვედრა და საუბარი, რომელთაც ესმით” საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები.

”ესტონეთის გამოცდილება იყო და არის ძირითადი მოდელი იმისა, თუ რის მიღწევას ვცდილობთ ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ,” – დასძინა მან.

Back to top button