ახალი ამბები

საქართველო Human Rights Watch-ის მოხსენებაში

უფლებადამცავმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა 20 იანვარს მორიგი, ყოველწლიური მოხსენება გამოაქვეყნა, რომელიც ადამიანის უფლებათა კუთხით 90 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, მათ შორის საქართველოშიც, შარშან არსებულ ძირითად ტენდენციებს მიმოიხილავს.

მოხსენების იმ ოთხგვერდიანი ნაწილში, რომელშიც საქართველოზეა საუბარი, აქცენტები შარშანდელ საპროტესტო აქციებზე, პოლიციის როლზე, მართლმსაჯულების სისტემაზე და მედიის თავისუფლებაზეა გაკეთებული.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ”მოთმინებას იჩენდა გაჭიანურებული საპროტესტო გამოსვლების მიმართ” 2009 წლის აპრილ-ივლისში, პოლიციამ რამოდენიმე შემთხვევაში ”გადამეტებული ძალა” გამოიყენა. ამ კონტექსტში მოხსენებაში საუბარია თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ 6 მაისს და 15 ივნისს მომხდარი ინციდენტების შესახებ.

მოხსენებაში ასევე საუბარია აპრილსა და მაისის დასაწყისში მომხდარ იმ შემთხვევებზე, როდესაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული, უცნობი ნიღბიანი პირები, ხშირ შემთხვევაში რეზინის ხელკეტებით შეიარაღებულნი თავს ესხმოდნენ, ცემდნენ და ემუქრებოდნენ საპროტესტო აქციების ცალკეულ მონაწილეებს, ძირითადად მაშინ, როდესაც ისინი ღამით სახლში ბრუნდებოდნენ.

”ხელისუფლებამ ორმოცდაათზე მეტი კონკრეტული სისხლის სამართლებრივი საქმე აღძრა ამ ძალადობის ფაქტებზე, მაგრამ მათ შედეგი არ მოჰყოლია, რაც ხელისუფლების მხრიდან ამ თავდასხმების ჩუმ მხარდაჭერაზე ან დახმარებაზე მიანიშნებს,” – ნათქვამია მოხსენებაში.

Human Rights Watch-ი ასევე აცხადებს, რომ ივლისში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ კოდექსში, რომელთა თანახმადაც ადმინისტრაციული პატიმრობა, მათ შორის წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის 30-დან 90 დღემდე გაიზარდა.  

მოხსენებაში ეს ცვლილება უკან გადადგმულ ნაბიჯად არის მოხსენიებული და აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი, რომელიც როგორც ჩანს, საპროტესტო აქციების საპასუხოდ განხორციელდა, ”გადაჭარბებული” ზომაა, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის ბრალდებისთვის წინასწარი პატიმრობის ვადა 60 დღეა.

პენიტენციალურ სისტემასთან მიმართებაში მოხსენებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ახალი ციხეების მშენებლობისა და პრეზიდენტის მიერ გამოცემული რამოდენიმე შეწყალების აქტისა, ციხეებში ”გადატვირთულობასთან დაკავშირებული პრობლემა კვლავ რჩება”.

”მართალია ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის რაოდენობის შემცირებას, მაგრამ პატიმართა საერთო რაოდენობამ 2009 წლის ივნისისთვის 19 504-ს მიაღწია, რაც 2006 წელთან შედარებით 50%-იან ზრდას წარმოადგენს. აღნიშნულ ზრდას დიდ წილად ხელი საპატიმრო სასჯელების შეკრებითობის პრინციპმა შეუწყო,” – ნათქვამია მოხსენებაში.

რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, ამ საკითხზე მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ბეჭდვითი მედია საქართველოში მრავალფეროვანია, ხოლო ”ქვეყნის მასშტაბით ტელემაუწყებლობა შემოიფარგლება სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი საზოგადოებრივი მაუწყებლით და ხელისუფლების მხარდამჭერი ტელეარხებით, ”რუსთავი-2”-ითა და იმედით”. მოხსენების თანახმად, მედიის საკუთრების შესახებ გამჭირვალობის ნაკლებობა კვლავ პრობლემად რჩება.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა ”მხარეთა მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევათა დაუსჯელობა” კვლავ გრძელდება.

მოხსენების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა გააღრმავეს საქართველოსთან ურთიერთობები და ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერა, მათ ”ბოლომდე ვერ გამოიყენეს მათ ხელთ არსებული ბერკეტები, რათა უზრუნველეყოთ საგრძნობი გაუმჯობესება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button