skip to content
ახალი ამბები

ესტონეთის პრეზიდენტი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უახლოეს მომავალში ვერ აღდგება

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უახლოეს მომავალში ვერ აღდგება და ამიტომ საქართველომ უნდა გამოიჩინოს ”სტრატეგიული მოთმინება და ვალდებულება თავისი ქვეყნის წარმატებული მშენებლობის საქმეში,” განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა 20 იანვარს.

”უნაყოფო იქნება ენერგიის დახარჯვა იმ პრობლემებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში ვერ მოგვარდება,” – იტყობინება ესტონეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ილვესის სიტყვებზე დაყრდნობით.

ილვესმა ეს განცხადება თავის ქართველ კოლეგასთან მიხეილ სააკაშვილთან ტალინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

”ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველოს მოკავშირეებმა, იციან, რომ უსამართლობამ შესაძლოა რაღაც პერიოდში გაიმარჯვოს; თუმცა, ისტორიას გააჩნია შესაძლებლობების ფანჯრები, რომლებიც ერთხელ გაიღება და შემდეგ დაიხურება – და ჩვენ ფხიზლად უნდა დაველოდოთ მათ გაღებას და შემდეგ საკმაო სიბრძნე გამოვიჩინოთ, რომ დავიჭიროთ ეს მომენტი,” – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა ესტონეთის და ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ ისინი ”არასდროს” აღიარებენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

ესტონეთის პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს იმის გამო, რომ მან ”განვითარების გასაოცარი პროცესი განვლო ეკონომიკური რეფორმების კუთხით და ასევე დემოკრატიის და კანონის უზენაესობის განვითარების კუთხით – და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით”. 

მან ასევე აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომმა ”გარკვეულწილად შეაფერხა საქართველოს დასავლური ინტეგრაცია”. 

”თუმცა, პროგრესის ის ტემპი, რომლითაც საქართველო მიიწევს ევროკავშირისა და ნატოსკენ, კვლავაც მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მისივე ქმედებებზე და დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და მედიის თავისუფლების სფეროებში განვითარებაზე, ასევე ეკონომიკურ რეფორმებზე,” – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებაზე, განაცხადა მან. ”ეს არის თქვენი წარმატების გასაღები,” – ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა ილვესმა. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button