ახალი ამბები

ოპოზიციამ ”უკრაინის საქმეებში ჩარევის” გამო ხელისუფლებას შეუტია

რამოდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ 20 იანვარს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობისაკენ მოუწოდა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ”უხეშად ჩარევის” გამო.

ამ მოწოდებას წინ უძღოდა დაპირისპირება, დაახლოებით, 2 000 არარეგისტრირებული ქართველი დამკვირვებლის უკრაინის არჩევნებზე გაგზავნასთან დაკავშირებით და სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სავარაუდოდ, მერაბიშვილსა და დეპუტატ გივი თარგამაძეს შორის, რომელიც უკრაინულმა მედიამ გაავრცელა.

სატელეფონო საუბარი, რომელიც სავარაუდოდ 14 იანვარსაა ჩაწერილი, რეგიონების პარტიის წევრებმა გამოიყენეს თავიანთი განცხადებების გასამყარებლად, რომ საქართველოს ხელისუფლებას დამკვირვებელთა უჩვეულოდ დიდი რაოდენობის განთავსება სურდა უკრაინაში, კერძოდ ქალაქ დონეცკში, რომელიც ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის და პარტია რეგიონების ლიდერის ვიქტორ იანუკოვიჩის პოლიტიკურ დასაყრდენს წარმოადგენს, რათა კიდევ ერთი კანდიდატის, პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს სასარგებლოდ მოეხდინა ”არჩევნების დესტაბილიზაცია”.

ორი მამაკაცის სატელეფონო საუბარს, რომელიც წააგავს თარგამაძის და მერაბიშვილის ხმებს და რომელიც სხვადასხვა უკრაინულ ვებგვერდებზე დევს, ზედ რუსული თარგმანი ადევს და მათი ხმები მხოლოდ რამოდენიმე მომენტში ისმის კარგად. ორი მამაკაცი განიხილავს დონეცკში დამატებითი ჯგუფის გაგზავნის საკითხს. ხმა, რომელიც მერაბიშვილისას ჰგავს, ეუბნება თავის თანამოსაუბრეს სთხოვოს ”იულიას” უზრუნველყოს ფრენები, რათა საქართველოდან დამატებითმა ჯგუფებმა მოახერხონ ჩასვლა.

17 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე უკრაინულმა ვებგვერდებმა გაავრცელეს სატელეფონო საუბარი, სავარაუდოდ, პრეზიდენტ სააკაშვილსა და იულია ტიმოშენკოს შორის, სადაც თანამოსაუბრეები ქართველი დამკვირვებლების რეგისტრაციის პრობლემას განიხილავენ. ხმა, რომელიც სააკაშვილის ხმას წააგავს, ეუბნება თანამოსაუბრეს ”გივის” დაელაპარაკოს ამ საკითხზე.   

ამ საკითხის კომენტირებისას გივი თარგამაძემ განუცხადა საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსს,” რომ ის ხშირად ესაუბრება შინაგან საქმეთა მინისტრს და ის, რომ 300 ქართველი ჩავიდა დონეცკში, რომლებიც უკრაინის ცესკომ დამკვირვებლებად არ დაარეგისტრირა, ”დამალული ფაქტი არ ყოფილა”.

”ვთვლი, რომ ახლა უკრაინას გაცილებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე კონცენტრირება სჭირდება [მხედველოვაში ჰქონდა არჩევნების მეორე ტური], ვიდრე ჩემი სატელეფონო საუბრების მოსმენაზე დროის კარგვაა,” – განუცხადა თარგამაძემ ”ინტერპრესნიუსს”.     

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა 20 იანვარს, რომ უკრაინის შიდა საქმეებში ”უხეში ჩარევით,” პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციამ ”საფრთხის ქვეშ დააყენა ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მომავალი და მთელი პასუხისმგებლობა შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე ეკისრება საქართველოს პრეზიდენტს”. 

ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე უნდა გადადგნენ ”განხორციელებული პოლიტიკური ავანტიურისა და ქვეყნის ინტერესებისადმი მიყენებული ზიანის მასშტაბების” გამო.

”ნებისმიერ ქვეყანაში შინაგან საქმეთა მინისტრი ან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გადადგებოდნენ ამგვარ სიტუაციაში,” – განაცახდა მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ.

”შინაგან საქმეთა მინისტრის საქმე არ არის დამკვირვებელთა გაგზავნის საკითხის მოგვარება – თუ ისინი მართლა იყვნენ დამკვირვებლები,” – განაცხადა საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა.

მისმა პარტიამ ცოტა ხნის წინ სთხოვა საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებს მიაწოდონ იმ ადამიანების სრული სია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა დამკვირვებლებად. გავრცელებული ინფორმაციით, სიაში ისეთი ადამიანებიც შედიოდნენ, რომელთაც არანაირი საარჩევნო გამოცდილება არ გააჩნდათ და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ.

ზურაბიშვილის თქმით, ის, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა, არის ”დათვური სამსახური” უკრაინის პრო-ევროპული ძალების მიმართ – მას მხედველობაში საპრეზიდენტო კანდიდატი იულია ტიმოშენკო ჰყავდა.

ნინო ბურჯანაძის პარტიამ დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო ასევე განაცხადა, რომ ”უკრაინის შიდა პოლიტიკურ ვითარებაში პირდაპირი ჩარევით” პრეზიდენტი სააკაშვილი ”დარტყმის ქვეშ აყენებს საქართველოს იმიჯს და ამავდროულად დათვურ სამსახურს უწევს უკრაინის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს, რომელსაც ვითომდა თანადგომას უცხადებს”. პარტიამ ასევე მოსთხოვა ვანო მერაბიშვილს დაუყონებლივ გააკეთოს კომენტარი სატელეფონო ჩანაწერზე.

ბურჯანაძე ასევე შეეცადა ეს შემთხვევა თავისი არგუმენტის გასამყარებლად გამოეყენება, რომლის თანახმადაც მომავალ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს.

”დემოკრატიული მოძრაობა ვსვამთ კითხვას, ყოველივე ამის შემდეგ ვის აქვს, ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ, ილუზია, რომ სააკაშვილი და მისი რეჟიმი საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს?! ჩვენთვის გაუგებარია მათი არგუმენტები, ვინც აცხადებს, რომ სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის პირობებში არჩევნებში მონაწილეობას აქვს აზრი,” – აცხადებს ბურჯანაძის პარტია.

მსგავსი/Related

Back to top button