ახალი ამბები

ევროპის საბჭო დაკავებულთა ”გაცვლისკენ” მოუწოდებს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში საქართველოში განხორციელებული ვიზიტის დროს შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიშელინ კალმი-რეიმ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ”დაასრულოს კონფლიქტის სხვა მხარეებთან ტყვეების” და ასევე, კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრების გაცვლის პროცესი.

ევროპის საბჭო ადამიანის უფლებათა კომისრის, თომას ჰამერბერგის სახით ბოლო თვეების მანძილზე თბილისსა და ცხინვალს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებშია ჩართული, რათა უზრუნველყოს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს დაკავებულ პირთა გათავისუფლება. ჰამერბერგის შუამავლობის შედეგად ხუთი ქართველი მოზარდი და ხუთი ოსი იქნა გათავისუფლებული დეკემბერში.

ევროპის საბჭომ განაცხადა პრეს-რელიზში, რომ 16-17 იანვარს განხორციელებული ვიზიტის დროს მიშელინ კალმი-რეიმ ”მოუწოდა” საქართველოს ხელისუფლებას კვლავაც მხარი დაუჭირონ კომისრის საქმიანობას და ”შესთავაზა საექსპერტო დახმარება გაუჩინარებულ პირთა მოძიებაში”.

დეკემბრის დასაწყისში თბილისში ვიზიტის დროს თომას ჰამერბერგმა განაცხადა, რომ დაკარგულ პირთა შესახებ გამოძიება ”სანდო გზით” უნდა წარიმართოს და ამ მიზნით პროცესის საერთაშორისო ზედამხედველობა შესთავაზა.

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ უარი თქვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზების ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობაზე, სადაც დაკავებულ და დაკარგულ პირთა საკითხი უნდა განხილულიყო, იმ მოტივით, რომ პირველ რიგში სურდა ინფორმაცია მიეღო თბილისისგან გაუჩინარებულ ოსებზე.

ცხინვალი იმ სამი ახალგაზრდა ოსი მოქალაქის გაუჩინარებაზე საუბრობს, რომლებიც 2008 წლის 13 ოქტომბრის შემდეგ დაიკარგნენ მას შემდეგ, რაც ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია გადმოკვეთეს.  სამხრეთ ოსურმა მხარემ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც სავარაუდოდ მობილური ტელეფონით არის გადაღებული,  სადაც ჩანს, რომ ამ სამ პიროვნებას უცნობი პირები უყვირიან და სცემენ. ცხინვალის თქმით, ეს უცნობი პირები ქართველი სამართალდაცავები არიან. თუმცა თბილისი უარყოფს ამ ბრალდებას.

ვიზიტის დროს მიშელინ კალმი-რეიმ აღნიშნა, რომ საქართველომ ”მიაღწია პროგრესს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესრულების საქმეში”. მისი თქმით, ”რეფორმებში მიღწეულ წინსვლასთან ერთად უნდა დასრულდეს დაწყებული საქმეც”. 

მან ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას დაასრულონ დარჩენილი საკანონმდებლო პროცედურები, ”სახელდობრ, რაც ეხება უმცირესობათა დაცვას და რეგონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის ხელმოწერას”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button