ახალი ამბები

ირანის პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა

ირანი დაინტერესებულია ”თბილისთან ურთიერთობების გაუმჯობესებაში რამდენადაც ეს შესაძლებელია,” განუცხადა ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა ირანში ვიზიტით მყოფ საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს, იტყობინება ირანის პრეზიდენტის პრესსამსახური.

ვაშაძე ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ირანს 18 იანვარს ეწვია და შეხვედრები გამართა თავის ირანელ კოლეგასთან მანუჩარ მოთაქისთან; ასევე ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის თავმჯდომარესთან ალი ლარიჯანისთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან შაიდ ჯალილისთან.

”რეგიონის ქვეყნებმა უნდა გააფართოვონ ორმხრივი, მრავალმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის მასშტაბები და ჩაკეტონ სხვა სახელმწიფოთა ინტერვენციის გზა,” – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ნატოზე მინიშნებით და დასძინა, რომ ალიანსი არ ითვალისწინებს ”რეგიონის ქვეყნების ინტერესებს”.

”მთელი რეგიონალური პრობლემები და კრიზისები შეიძლება გადაიჭრას რეგიონის ქვეყნების ურთიერთქმედების და თანამშრომლობის საფუძველზე,” – განაცხადა მან.

ირანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ამავე ინფორმაციის თანახმად, გრიგოლ ვაშაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ”არასდროს იმოქმედებს ირანის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ალიანსში ან ორგანიზაციაში გაწევრიანდება”.

”ირანი და საქართველო ერთი და იმავე ცივილიზაციაში იმყოფებიან და ორ ქვეყანას შორეული წარსულიდან მოყოლებული მეგობრული ურთიერთობები აქვთ და ჩვენ დაინტერესებული ვართ თბილისთან ურთიერთობების გაუმჯობესებაში რამდენადაც ეს დღეს შესაძლებელია,” – განაცხადა აჰმადინეჯადმა.

”ორ ქვეყანას შეუძლია საფუძველი ჩაუყაროს ძლიერ თანამშრომლობას, მუდმივი კონსულტაციების საფუძველზე,” – დასძინა ირანის პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button