
სააკაშვილი: თაბუკაშვილის ქუჩის სახლი დასანგრევი იყო
ბაკურიანში სააკაშვილი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც საქართველოში ზამთრის კურორტების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. |
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თაბუკაშვილის ქუჩაზე მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ”ნამდვილად დასანგრევი იყო”.
2007 წლის ივლისში ამ სახლის დანგრევა და მობინადრეების საკუთარი ბინებიდან იძულებით გამოსახლება ხელისუფლების კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საკუთრების ხელყოფის სხვა ფაქტებთან ერთად.
”ერთი მხრივ უკანონო მშენებლობასთან ბრძოლა უხდებოდა მთავრობას თბილისში, ლამის გადააყოლეს თაბუკაშვილის ქუჩაზე, თბილისში სახლის დანგრევას, რომელიც ნამდვილად დასანგრევი იყო – ეს ეჭვს არ იწვევს,”- განაცხადა სააკაშვილმა 18 იანვარს.
”აბა წადით და პარიზში ააშენეთ ასეთი სახლი და როგორ აგაშენებინებენ და როგორ არ დაგინგრევენ მაგასაც კარგად ვნახავთ, მე არა მგონია, რომ თბილისი, რუსთაველი ნაკლებად უნდა იყოს მოვლილი, ვიდრე ფრანგები უვლიან შანზ-ელიზეს,”- განაგრძო მან.
სააკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა ბაკურიანში, საიდანაც პირდაპირ სატელევიზიო ეთერში საუბრობდა ქართული სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებაზე.
მან ასევე განაცხადა, რომ ”მთავრობის სისუსტეა” გუდაურში ძალიან დიდი ფართობის არასწორად ათვისება და ”ქაოტური, ეგოისტური, საკუთარ მუცლებზე მორგებული მშენებლობების” დაშვება.
”სანამ კიდევ გვიან არ არის რამდენიმე ფართობი კიდევ შემორჩა, მეორე მხარეს გუდაურის მთის არის საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ ყელის ტბაზე ოკუპანტები დადგნენ თავის ბეტეერებით, განვითარდეს და დაიდგას ახალი საბაგიროები,” – განაცხადა მან.