ახალი ამბები

საქართველო უარყოფს უკრაინის არჩევნებზე რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერას

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საქართველოს ინტერესებში არ შედის უკრაინის პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა, რაც ”დაუშვებელი და გამორიცხულია”.

განცხადება იმ ვარაუდების ფონზე გაკეთდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა უკრაინის პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს დაუჭიროს მხარი.

”საქართველო ამ არჩევნებში ვერც ჩაერევა და არც ჩაერევა. შესაბამისად, ვერც ერთი მხარის ინტერესებს ვერ დაიცავს.”- განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 15 იანვარს გამართულ ბრიფინგზე, ”პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მეგობარი საქართველოს სურვილი არის მხოლოდ ძლიერი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი უკრაინა”.

ფორმალურად, ბრიფინგი მიეძღვნა იმ პრობლემას, რომელიც ქართველ დამკვირვებლებს უკრაინაში 17 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შეექმნათ. კერძოდ, უკრაინის ცესკომ უარი განაცხადა საქართველოდან 2 ათასზე მეტი დამკვირვებლის დარეგისტრირებაზე. ამ დრომდე ქართველი დამკვირვებლების არჩევნებზე მონიტორინგის საკითხი ღიად რჩება.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ, რომელიც უკრაინაში იმყოფება, განაცხადა, რომ ქართველი დამკვირვებლების საკითხი უკრაინის რეგიონების პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერმა ცესკოს წევრებმა დაბლოკეს.

ვარაუდები უკრაინის არჩევნებზე საქართველოს პრეზიდენტის გამოკვეთილი პოზიციის თაობაზე მას შემდეგ გაძლიერდა, რაც 14 იანვარს ინტერნეტში გავრცელდა ჩაწერილი სატელეფონო საუბარი, სავარაუდოდ ტიმოშენკოს და სააკაშვილს შორის.

სატელეფონო საუბარში, რომლის აუდიო ფაილიც პირველად უკრაინულ ინტერნეტ პორტალზე Oboz.ua გაჩნდა, ქალბატონი, რომელიც სავარაუდოდ ტიმოშენკოა, ეუბნება მამაკაცს, სავარაუდოდ სააკაშვილს, რომ ქართველი დამკვირვებლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემა წარმოიშვა. მან ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინაში დამკვირვებელთა ”ასეთი გუნდის” გაგზავნის გამო; სააკაშვილის ხმა კი პასუხობს, რომ საქართველომ ”ნამდვილად კომპეტენტური და ბრძოლისუნარიანი ხალხი გააგზავნა”. ის ასევე ეუბნება ტიმოშერნკოს შეხვდეს ”გივის” (თარგამაძეს) ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებული საკითხის მოგვარების მიზნით. ”ჩვენ განწყობილი ვართ დავეხმაროთ უკრაინას… ერთი რაც გვჭირდება არის კოორდინაცია,” – აცხადებს მამაკაცის ხმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ ჩანაწერზე კომენტარისგან თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერი, რომელის ხანგრძლივობა ორ წუთზე ნაკლებია, 15 იანვარს ტელეკომპანიებმა ”რუსთავი 2”-მა,  ”იმედმა” და პირველმა არხმა გაუშვეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველომ უკრაინას დაახლოებით 2 000 კაციანი სია წარუდგინა რეგისტრაციისთვის. 6 იანვარს დონეცკის მერმა უარი განაცხადა საქართველოს წინადადებაზე ქალაქში 1 000 დამკვირვებლის გაგზავნის თაობაზე. მერმა ალექსანდრე ლუკიანჩენკომ, რომელიც დონეცკში ვიქტორ იანუკოვიჩის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც არის, განაცხადა, რომ ქალაქში 600 ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები იქნებიან და 1 000 ქართველი დამკვირვებელი ქალაქის ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს აღემატება, იტყობინება რადიო ”თავისუფლების” უკრაინული სამსახური. მომდევნო დღეებში უთანხმოება ქართველი დამკვირვებლების გარშემო უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაგრძელდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button