ახალი ამბები

ჰაბერი დაკავებულ პირთა შესახებ მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ქართველი სამართალდამცავების მიერ 4 იანვარს დაკავებული ოსი მოქალაქის ინციდენტზე ”ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა გავარკვიოთ ამ კონკრეტული შემთხვევის დეტალები,”- განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა ოთხშაბათს.

”ჯერ არ არის წარმოდგენილი ნათელი სურათი, რადგან არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია მომხდარის შესახებ,”- განაცხადა მან და დასძინა, რომ მისია ცდილობს ”მოვძებნოთ გზები სიტუაციის ყველა ჩართული მხარის ინტერესების გათვალისწინებით მოსაგვარებლად”.

საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა გენადი ფლიევი, ”ოსური უკანონო  ბანდფორმირების წევრი”, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარებით შეიარაღებული 4 იანვარს სოფელ ნიქოზში დააკავეს.

თუმცა სეპარატისტულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ფლიევი ქართველმა პოლიციელებმა ”გაიტაცეს” ცხინვალის შემოგარენიდან, ”სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრიდან, დაახლოებით, 400-500 მეტრის სიღრმეში”.

”ჩვენ აღნიშნულ საკითხზე მუშაობას მომდევნო დღეებშიც გავაგრძელებთ,”- განაცხადა ჰაბერმა.

”ამავდროულად, მოცემული შემთხვევა, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე მომხდარ დაკავებათა ბოლოდროინდელ შემთხვევებს მოჰყვა, გადაადგილების თავისუფლებასთან, უსაფრთხოებასთან და დაკავებულებთან დაკავშირებულ უფრო ფართო საკითხებს წამოჭრის,”- აღნიშნა მან.

”საბოლოო შედეგის სახით, კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში, დაკავებულებს საკუთარ სახლებში დაბრუნება ორივე მხარეზე უნდა შეეძლოთ,”- განაცხადა ელჩმა ჰაბერმა.

მან მოუწოდა თბილისსა და ცხინვალს მომავალი  კვირის დასაწყისში გაიმართოს შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რაც მისი თქმით, ”მართებული ფორუმია” გადაადგილების თავისუფლებისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრის სიახლოვეს დაკავებულთა საკითხების განსახილველად.

5 იანვარს ევროკავშირის დამკვირვებლები პირველად სტუმრობდნენ ცხინვალს, რათა გაერკვიათ გენადი ფლიევის დაკავებასთან დაკავშირებული გარემოებები. მათ ასევე მოინახულეს ის ადგილი, საიდაც სეპარატისტული ხელისუფლების მტკიცებით, ფლიევი დააკავეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button