
პრეზიდენტმა იმერეთში ახალი გუბერნატორი დანიშნა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს იმერეთის ახალი რწმუნებული ლაშა მაქაცარია წარადგინა, რომელიც მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე იყო.
მაქაცარიას წინამორბედი გუბერნატორი, მიხეილ ჩოგოვაძე თანამდებობიდან 19 დეკემბერს მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც იმავე დღეს ქუთაისში ”დიდების მემორიალის” დემონტაჟის მიზნით მომხდარ აფეთქებას დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს სრულიად უდანაშაულო ადამიანები ემსხვერპლნენ ”მთელი რიგი ადამიანების, მათ შორის თანამდებობის პირების დაუდევრობას, უნიათობას და არაკომპეტენტურობას” და იმედი გამოთქვა, რომ ”სრული მოცულობით” აგებენ პასუხს ”კონკრეტული დამნაშავეები”. უსაფრთხოების ზომების დარღვევის გამო ამფეთქებელი კომპანიის სამი პირია სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემული.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იმერეთის რეგიონს ახლა ”ახალი სისხლი სჭირდება”, რათა ”ქუთაისი – მეორე დედაქალაქის” ფარგლებში დაგეგმილი ყველა პროექტი ბოლომდე და სწრაფად განხორციელდეს.
”ის სიტუაცია, როცა ჩვეულებრივი ადამიანების ბედი ადგილობრივ ხელისუფლებას არ აღელვებს, როგორც ეს ჩემი თვალით ვნახე ქუთაისში ამასწინანდელი ჩასვლის დროს, ეს სიტუაცია აღარასდროს აღარ უნდა განმეორდეს,”- განაცხადა სააკაშვილმა.
იმავდროულად, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა 29 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საქართველოს ხელისუფლება ”დიდების მემორიალის” აფეთქებაში, რომლის აღდგენაც მოსკოვში იგეგმება.
”რაც მათ ჩაიდინეს – ეს მორიგი დანაშაულია… მითუმეტეს, რომ დაიხოცნენ ადამიანები,”- იუწყება ”რია ნოვოსტი” პუტინის სიტყვებზე დაყრდნობით, ”მათთვის მოსკოვში ძეგლის აღდგენა – კიდევ ერთი დარტყმაა ცხვირში”.
This post is also available in: English Русский