ახალი ამბები

სააკაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 25 მარტს განაცხადა, რომ მან პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ”არ შეცვლილა”.

”ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას,” – განაცხადა რასმუსენმა. მისი თქმით 2008 წლის ბუქარესტის  სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და საქართველო გახდება ალიანსის წევრი მას შემდეგ, რაც ის ამისთვის მზად იქნება. 

ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ რასმუსენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს ალიანსში სამომავლო გაწევრიანების ვადებზე ვარაუდების გამოთქმისგან თავი შეიკავა.

”არა მგონია, რომ ვადები უნდა დავაწესოთ,” – განაცხადა მან, ”ამ მხრივ ბევრი ფაქტორია ერთმანეთთან ურთიერთქმედებაში. ადრე ზოგიერთი იმასაც ამბობდა, რომ ისინი ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას ვერ მოესწრებოდნენ… ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება; ჩვენ უნდა ვიმუშავოთ, ჩვენ გვსურს ჩვენი საშინაო დავალება შევასრულოთ. ვნახოთ რა იქნება”.  

მან ასევე განაცხადა, რომ სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთის მიერ ოკუპაცია საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის დაბრკოლებას არ უნდა წარმოადგენდეს.

”იყო შემთხვევები, როდესაც გაყოფილი ქვეყნები გამხდარან ნატოს წევრები. იმედი მაქვს, რომ [საქართველოს] დაყოფა მაგ დროისთვის უკვე დაძლეული იქნება და ყველაფერი ეს იმაზე ადრე მოხდება, ვიდრე რომელიმე ჩვენგანს ეს წარმოუდგენია. მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშავოთ და არ უნდა ვიმკითხაოთ იმაზე, თუ ზუსტად როდის [მოხდება ეს],” – განაცხადა სააკაშვილმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა: ”მოკავშირეები  საქართველოს რეგიონების – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის – არაღიარების პოლიტიკის ერთგულები რჩებიან”.

”ნატო კვლავაც მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე,” – განაცხადა რასმუსენმა.

იგი მიესალმა საქართველოს მთავრობის სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, რომელიც, მისი თქმით, ”იზოლაციის ნაცვლად, ჩართულობას უჭერს მხარს”. 

”მე ვთვლი, რომ ეს სტრატეგია არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჟი,” – განაცხადა რასმუსენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში ”მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების პროცესი”.

”ვიმედოვნებთ, რომ საქართველო განახორციელებს საჭირო საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმებს იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც ქვეყანამ თავისი წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში აიღო,” – განაცხადა რასმუსენმა.

”ამ კუთხით, მომავალი ადგილობრივი არჩევნები მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება,” – დასძინა მან.

რასმუსენმა საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველომ ავღანეთში 175 სამხედრო უკვე გააგზავნა და აპრილში ერთი ქვეითი ბატალიონის გაგზავნასაც აპირებს, რომელიც ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ჰელმანდის პროვინციაში განთავსდება. ამ ბატალიონის გაგზავნის შემდეგ ქართული სამხედროების რაოდენობა ავღანეთში 950-მდე გაიზრდება. შედეგად, საქართველო გახდება ერთ სულ მოსახლეზე შეფარდებით ავღანეთში ყველაზე დიდი კონტიგენტის მქონე ქვეყანა.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ავღანეთის ოპერაციაში წვლილი შეიტანოს არა მხოლოდ შეიარაღებული დანაყოფების გაგზავნით, არამედ ავღანეთის საპოლიციო ძალების მომზადებითაც როგორც საქართველოში, ისე ადგილზე – ავღანეთში.

”ჩვენ პოლიციის რეფორმის ყველაზე წარმატებული მაგალითი გვაქვს – სულ ცოტა რეგიონში მაინც და ერთ-ერთი საუკეთესო გარდამავალ ქვეყნებს შორის,” – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ ნატოს მისი ტერიტორიის სატრანზიტო მარშრუტად გამოყენებაც შესთავაზა. 2005 წლის მარტში საქართველომ და ნატომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ნატოს მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის, საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენებას ავღანეთში ალიანსის შეიარაღებული ძალებისთვის საქართველოს გავლით ტვირთების მისაწოდებლად. თუმცა, საქართველოზე გამავალი ეს მარშრუტი იარაღის გადაზიდვას არ ითვალისწინებს. 

სააკაშვილმა ასევე განუცხადა ნატოს გენერალურ მდივანს, რომ მისი დანიშვნის შემდეგ ნატოს კარები ”ძალიან ფართოდ გაიღო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის”. 

”მე უკვე მეშვიდე ვარ საქართველოს ოფიციალური პირების რიგში, რომლებიც თქვენ ბოლო თვეების განმავლობაში მიიღეთ,” – განაცხადა მან და დასძინა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები ამჟამად ძალიან ინტენსიურია.

პრეზიდენტი სააკაშვილი ბრიუსელში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ევროპის სახალხო პარტიის სამიტში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი ხელმძღვანელობს, ევროპის სახალხო პარტიაში დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს.

Back to top button