ახალი ამბები

სააკაშვილი: ”ადგილობრივი არჩევნები დიდი გამოცდაა”

  • ნოღაიდელის რუსული პოზიცია ”ცოდვაა”;
  • ”პუტინს ყველაფერს ვთავაზობდი”;
  • დიდების მემორიალის თემა ”პოლიტიზირებულია”

ინტერვიუს დროს მან საქართველოს ორი რუქა დაიკავა – ერთზე გამოსახული იყო საქართველო მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ხოლო მეორე ”რუსეთის გამოშვებული” საქართველოს რუქა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 25 დეკემბერს, რომ ადგილობრივი არჩევნები ”დიდი გამოცდა იქნება საქართველოსთვის”. მისი თქმით, სამართლიანი არჩევნების ჩატარება ქვეყნის გამარჯვება იქნება.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ყოველკვირეული გადაცემისთვის, ”პოზიცია”, მიცემულ ხანგრძლივ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებში ”მოვიქცევი როგორც არაპარტიული პრეზიდენტი”.   

2006 წლის ადგილობრივი არჩევნების და 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სააკაშვილი, რომელიც მმართველი პარტიის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეა, აქტიურად იყო ჩართული თავისი პარტიის საარჩევნო კამპანიაში.

იგი მიესალმა ”ყველა სერიოზული პოლიტიკური ძალის” მონაწილეობას საარჩევო კოდექსში ცვლილებების მომზადების პროცესში. 

მისი თქმით მართალია ზოგიერთმა პარტიამ პრეტენზიები გამოთქვა შემოთავაზებული პროექტის მიმართ, მაგრამ ეს მათი მხრიდან მხოლოდ ”პოზაა”.

”ფაქტიურად, ისინი იღებენ ამ სისტემას, რადგანაც იღებენ მონაწილეობას არჩევნებში,” – დასძინა მან.

ალიანსი საქართველოსთვის, რომლის ლიდერიც, ირაკლი ალასანია თბილისის მერად აპირებს კენჭისყრას,  საარჩევნო კოდექსში ცვლილებათა შემოთავაზებული პროექტის წინააღმდეგია. პროექტი, რომელიც პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით უნდა დაამტკიცოს, თბილისის მერის ასარჩევად 30%-იანი ბარიერის შემოღებას ითვალისწინებს.   

დაახლოებით 100-წუთიანი ინტერვიუს დროს სააკაშვილმა მთელ რიგ საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის 2009 წლის გაზაფხულის ოპოზიციურ საპროტესტო აქციებზე.

მისი თქმით, ამ საპროტესტო აქციებიდან რაიმე რეალური შედეგების მიღწევაში წარუმატებლობის შემდეგ, ”ოპოზიციის ერთი ნაწილი გახდა ბევრად უფრო რეალისტური”.

”მთავარი ის არის, რომ პოლიტიკაში ლოზუნგი – ან ყველაფერი, ან არაფერი – არ მუშაობს… ყველამ რაღაცა უნდა დათმოს იმისათვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ,” – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ”არ ჩარეულიყო” ამ აქციებში, თუმცა მან ასევე დასძინა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ყოველთვის გვერდზე გადგება ამგვარ სიტუაციებში.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ეს აქციები და კერძოდ ე.წ. ”საკნების ქალაქი” რუსეთის უშიშროების სამსახურის ”ფე-ეს-ბე-ს გამოგზავნილი სცენარი” იყო. 

ნოღაიდელის რუსული პოზიცია ”ცოდვაა”

ყოფილ პრემიერ-მინისტრზე და ამჟამად ოპოზიციური მოძრაობა სამათლიანი საქართელოსთვის ლიდერზე ზურაბ ნოღაიდელზე და რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში მის შეხვედრაზე საუბრისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს თავის ისტორიაში ”ყოველთვის ჰყავდა მოღალატეები”. 
 
სააკაშვილის თქმით, ” 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული კრემლის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ”თანმიმდევრულია.” მისი თქმით, სხვადასხვა დროს მოსკოვი საქართველოში დასაყრდენის სახით არჩევდა სხვადასხვა პირებს. ასეთ ფიგურებს შორის მან ჩამოთვალა გარდაცვლილი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, აჭარის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე; ალექსანდრე ებრალიძე და სხვები. ეს სია მან დაასრულა სიტყვებით: ”და ახლა ნოღაიდელი”.

მან ასევე დასძინა, რომ თუ რუსეთისთვის კარგის მანიშნებელი არ უნდა იყოს თუ მას ”ამაზე მეტი არაფერი დარჩა და ნოღაიდელს იყენებს”.

”მძიმეა იმის ფიქრი, რომ ეს კაცი [ნოღაიდელი] ამ დონეზე შეიძლება დაცემულიყო და იმის ქვემოთ დაცემა საერთოდ აღარ არსებობს,” – განაცხადა სააკაშვილმა.

”ვინც მიდის და პირობების გარეშე შედის, შაჰ-აბასის მერე ყველაზე დაუძინებელ მტერთან საქართველოსი, და არ ეკითხება [პუტინს] როდის აპირებს ამის [სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის] დაბრუნებას, არ ეკითხება, როდის აპირებს ჩვენი ხალხის უკან შეშვებას, არ ეკითხება, როდის აღიარებს საქართველოს როგორც სახელმწიფოს, ის სჩადის ძალიან დიდ ცოდვას, არ მინდა ამას დანაშაულის კვალიფიკაცია მივცე,” – განაცხადა სააკაშვილმა. 
 
საუბრისას მან საქართველოს ორი რუქა დაიკავა ხელში – ერთზე გამოსახული იყო საქართველო მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ხოლო მეორე ”რუსეთის გამოშვებული” საქართველოს რუქა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე.  

მან გვერძე გადააგდო ”რუსეთის გამოშვებული” რუქა და განაცხადა, რომ საქართველო ”ასევე მოისვრის ისტორიის სანაგვეზე სანაგვეზე იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას აღიარებენ”. 

”საქართველო არ შეიძლება იყოს რუსეთთან ცუდი ურთიერთობების მომხრე; ჩვენ გიჟები არ ვართ,” – განაცხადა მან.

მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იგი ცდილობდა ”მოქნილი” ყოფილიყო რუსეთთან. მან ასევე აღნიშნა: ”მე ყველაფერს ვთავაზობდი პუტინს”.

აფეთქებული ”დიდების მემორიალი”

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის დღე – 19 დეკემბერი, როდესაც ”დიდების მემორიალის” აფეთქებისას ქუთაისში დედა-შვილი დაიღუპა, ”იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე ჩემთვის”.

მიუხედავად იმისა, რომ მისმა პრესსპიკერმა პრეზიდენტის სახელით იმავე დღეს გამოაქვეყნა განცხადება მომხდართან დაკავშირებით, 25 დეკემბერს სააკაშვილმა პირადად პირველად ისაუბრა ამ საკითხზე.

მისი თქმით, ნგრევის ტრაგიკული შედეგი იყო იმ ხალხის ”სისულელის, სიბრიყვის და არაკომპეტენტურობის” ბრალი, ვინც მემორიალის დანგრევას ხელმძღვანელობდა. უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ბრალდებით დაპატიმრებულია კომპანიის ”საქბეთქმრეწვის” რამდენიმე თანამშრომელი.  

შემდეგ სააკაშვილმა ასევე ისაუბრა თავად მემორიალზე, რომლის დროსაც მან მონუმენტი ”ე.წ. მემორიალად” მოიხსენია. 

”ამ საკითხის პოლიტიზაცია მოხდა, თუმცა არა მგონია, რომ ეს დიდი პოლიტიკური განხილვის თემა იყოს; რუსეთი ეძებს ყველა საბაბს, რომ რაღაცაზე მოგვედავოს,” – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე და საქართველოს ოკუპანტი ქვეყანაა და ეს არის ”დაცინვა” რუსეთის მხრიდან, როცა ის ეუბნება საქართველოს არ აიღოს ძეგლი, რომელიც, მისი თქმით, ”საბჭოთა არმიის დიდების” საპატივსაცემოდ აიგო.
 
”მე ყველაფერი ჩქარა მინდა”

ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ აგვისტოსთვის ანაკლიაში აშენდება ახალი სასტუმრო. როდესაც წამყვანმა ჰკითხა გულისხმობდა თუ არა ის 2010 წლის აგვისტოს, სააკაშვილმა უპასუხა: ”რა თქმა უნდა 2010; აბა სად შემიძლია მე მოთმენა.. მე ყველაფერი ჩქარა მინდა”.
   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button