ახალი ამბები

სააკაშვილი ებრალიძეს შესაძლო დესტაბილიზაციის ”მამოძრავებელ ძალად” მიიჩნევს

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ სანქტ-პეტერბურგში მოღვაწე ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე, რომელიც 2013 წელს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას, შესაძლოა რუსეთმა საქართველოში ”დესტაბილიზაციის” მოწყობის მიზნით გამოიყენოს.

”ამ ეტაპზე შემონახულია ებრალიძე, როგორც მთავარი მამოძრავებელი ძალა შესაძლო დესტაბილიზაციის პირობებში, სადაც ადგილს პოულობენ ქართველი პოლიტიკოსების ნაწილიც, რომელთაც სურთ ამ პროცესებში მონაწილეობა. როგორც ჩანს, მოსკოვს მხოლოდ ებრალიძის მსგავს ქართველებთან შეუძლია ადეკვატური საუბარი და არა დემოკრატიული გზით არჩეულ საქართველოს ხელისუფლებასთან,” – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ 15 დეკემბერს.

”რუსეთს აქვს ერთადერთი ამოცანა – ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა. ყველა მისი ქმედება სწორედ ამით არის ნაკარნახევი, ყველა ეს განცხადება და მანევრი მიმართულია ერთი მიმართულებით, მოხდეს ქართველი ხალხის დემორალიზაცია და გატყდეს წინააღმდეგობის ნება,” – განაცხადა მან. 

ებრალიძე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს,  წარმოშობით ბათუმიდანაა. იგი უკვე 38 წელია რუსეთში ცხოვრობს. საპრეზიდენტო ამბიციაზე განცხადება მან პირველად  სოჭში ”საქართველოს ხალხთა კონგრესის” სხდომაზე გააკეთა. ეს ორგანიზაცია მან ამ წლის დასაწყისში დააფუძნა.

15 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში ებრალიძემ ”საქართველოს ხალხთა საზღვარგარეთ არსებული დიასპორების საერთაშორისო კონფერენციას” უმასპინძლა, რომლის მიზანიც იყო ”გაერთიანება ჩვენი ისტორიული სამშობლოს დემოკრატიზაციისა და გაერთიანებისთვის”. 

”ნათელია, რომ მათი [საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების] გათიშულობა ხელს აძლევს მათ, ვისაც  არ სურს იმ მდგომარეობის შეცვლა, რომელიც დღეისათვის საქართველოში სახელისუფლებო სისტემაშია შექმნილი და რომელიც ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს,” – ნათქვამია ”საქართველოს ხალხების ასამბლეის” განცხადებაში.

ებრალიძე ნაკლებად იყო ცნობილი საქართველოში, თუმცა მისი პერსონა მაისის შემდეგ გაიცნეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან თავისი საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ განაცხადა. ებრალიძის ფიგურას ქართული ნაციონალური ტელევიზიები ფართოდ აშუქებდნენ. მას ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”კურიერი P.S”-მა  30 მაისს ინტერვიუც ჩამოართვა პირდაპირ ეთერში.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გივი თარგამაძემ 23 მაისს ”რუსთავი 2”-ის თოქ-შოუში განაცხადა, რომ მუხროვანის ამბოხება ებრალიძის მხარდაჭერით მზადდებოდა, რომელსაც კავშირები აქვს რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან. ებრალიძემ თარგამაძე ცილისწამებაში დაადანაშაულა და მას სასამართლოში უჩივლა.

ებრალიძის სახელი  მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებულ მიმდინარე სასამართლოზე ერთხელ გაისმა. ბრალდების მხარის ერთმა მოწმემ, რეინჯერთა ბატალიონის ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ განუცხადა სასამართლოს 8 ოქტომბერს, რომ აპრილის ბოლოს მისმა ყოფილმა მეთაურმა ლევან ამირიძემ, რომელიც რეინჯერთა ბატალიონის მეთაური იყო, მას დაგეგმილ ამბოხში მონაწილეობა შესთავაზა. მოწმის თქმით, თითქოს ამირიძემ, რომელსაც ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხი და დაუმორჩილებლობა ბრალდება (მან აღიარა  ბრალდება მხოლოდ დაუმორჩილებლობის ნაწილში), უთხრა მას, რომ ამბოხს და გადატრიალებას ებრალიძე აფინანსებდა.

მუხროვანის პროცესის საბრალდებო დასკვნაში არ არის ნათქვამი, რომ ამბოხს რუსეთთან ქონდა კავშირი. თუმცა, ბრალდების საქმის მასალები შეიცავს შემდეგ ფრაზას იმ მონაკვეთში, სადაც ამბოხის ორგანიზატორები არიან ჩამოთვლილები: ოთანაძემ, გორგიაშვილთან, ამირიძესთან და ”გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად” განიზრახა ამბოხების მოწყობა, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. ბრალდების მხარის მიხედვით, გამოძიება კვლავაც მიმდინარეობს ამ  ”სხვა პირების” დასადგენად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button