
მედვედევი საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრობს
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 9 დეკემბერს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მას თავის ქართველ კოლეგასთან მიხეილ სააკაშვილთან და ”ზოგიერთ სხვა მმართველთან” რაიმე კონტაქტები არ ექნება, თუმცა დასძინა, რომ ეს არ არის მიზეზი იმისთვის, რომ გადაიდოს სხვა გადაწყვეტილებები, მათ შორის საზღვრის გახსნისა და პირდაპირი ფრენების განახლების თაობაზე.
”მე არაერთხელ მითქვამს, რომ არ ვაპირებ კონტაქტს მოქმედ პრეზიდენტთან და ზოგიერთ სხვა მმართველთან, ჩვენი გზები გაიყარა და მოვლენათა ჩვენეული შეფასება საკმაოდ განსხვავებულია; მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ეკისრება პირდაპირი იურიდიული პასუხისმგებლობა ჩადენილ დანაშაულზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გადავდოთ ყველა სხვა ურთიერთობა სამომავლოდ,” – განაცხადა მედვედევმა ევროპისა და აზიის მედია ფორუმზე მოსკოვში.
”პირდაპირი რეისების განხორციელების შესაძლებლობა, ასევე ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა – ყველაფერი ეს სრულიად ნორმალური თემაა განხილვისთვის და გადაწყვეტისთვის. და სერიოზულად რომ ვისაუბროთ, მეტწილად, მე ვერ ვხედავ აქ რაიმე განსაკუთრებულ წინააღმდეგობას იმიტომ რომ ეს, პირველ რიგში, ეხება ჩვეულებრივი ადამიანების ინტერესებს, რომლებიც როგორც მეგობრობდნენ ერთმანეთთან ისევ ისე მეგობრობენ, მიუხედავად დიდი სიფრთხილისა, რომელიც წარმოიქმნა პოლიტიკურ ისტებლიშმენტში და ღია მკვეთრი წინააღმდეგობისა ცალკეულ საკითხებზე ჩვენ ქვეყნებს შორის საერთაშორისო არენაზე,” – განაცხადა მედვედევმა.
ორ ქვეყანას შორის სახმელეთო მიმოსვლა რუსეთის მიერ 2006 წლის ივლისში ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან ერთად შეწყდა; კიდევ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდებარეობს, თუმცა საქართველო მიიჩნევს, რომ ისინი უკანონოდ ფუნქციონირებს და ორ სეპარატისტულ რეგიონში ამ სასაზღვრო-გამშვები პუნქტებიდან შესვლას საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2006 წლის ოქტომბერში შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალი ორ ქვეყანას შორის. ფრენები 2008 წლის გაზაფხულზე აღდგა, თუმცა მალევე შეწყდა რუსეთ-საქართველოს შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ.
იმავე მედია ფორუმზე საუბრისას, მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთში ქართული პროდუქციის შეტანასთან დაკავშირებით ”არ უნდა იყოს არანაირი პრობლემა.”
”ქართული პროდუქცია – თუ საქმე ეხება პროდუქციას, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ლეგალურად შემოდის – ზუსტად ისე უნდა იქნას მიღებული და გაყიდული, როგორც ნებისმიერი სხვა. კითხვაა, როგორ შევუწყოთ ამას ხელი. შეეცადეთ კანონიერი მეთოდებით,”- განაცხადა მედვედევმა.
რუსეთმა ქართული ღვინის, ალკოჰოლური სასმელების და მინერალური წყლების იმპორტი 2006 წლის დასაწყისში აკრძალა ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოტივით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)