skip to content
ახალი ამბები

საზოგადოებრივ მაუწყებელს 3 სატელევიზიო სიხშირე დაუკანონდება

საზოგადოებრივ მაუწყებელს მოქმედი ორი არხის ნაცვლად, სამი სატელევიზიო სიხშირე ექნება, ნათქვამია მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტში. 

პროექტში ასახული ეს დებულება, სავარაუდოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე რუსულენოვანი კავკასიური არხის შექმნის გეგმებს უკავშირდება. ამჟამად მაუწყებელი ეთერში ორი  – პირველი და მეორე არხით გადის.

ცვლილებების პროექტი ასევე ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) არანაკლებ 0.12%-ით.

2008 წლის მარტში კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან პირდაპირ ფინანსდება (2009 წელს მისი დაფინანსება 25 მლნ ლარს, ხოლო მომავალ წელს 22 მლნ ლარს შეადგენს), თუმცა მანამდე კანონით განსაზღვრული იყო მშპ-ის ღირებულების 0.15%-ით დაფინანსების წესი.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში 4 დეკემბერს შევიდა.  ცვლილებების ერთ-ერთი ავტორის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, მისი განხილვა წლის ბოლომდე იგეგმება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button