რუსი ”ჯაშუშები” საქართველოში არ შემოუშვეს – პრეზიდენტის პრესსპიკერი
საქართველო ღიაა რუსი ტურისტებისა და ბიზნესმენებისათვის, მაგრამ არა რუსი ჯაშუშებისთვის, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ორი რუსი ექსპერტისთვის ქართული ვიზების არ გაცემისა და თბილისის აეროპორტიდან უკან გაბრუნების ფაქტზე.
ხუთი რუსი ექსპერტისაგან შემდგარი ჯგუფი თბილისში 1 დეკემბერს ჩამოვიდა, რათა ქართველ კოლეგებთან დაგეგმილ შეხვედრათა სერიაში რუსულ-ქართულ ურთიერთობები განეხილათ. ორ მათგანს – ნიკოლაი სილაევს, საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიის საკითხების მკვლევარს და სერგეი მირონენკოს, რუსული სახელმწიფო არქივის დირექტორს – უარი უთხრეს ვიზების გაცემაზე თბილისის აეროპორტში. დანარჩენი სამიც სოლიდარობის ნიშნად სილაევთან და მირონენკოსთან ერთად უკან გაბრუნდა რუსეთში.
”პრეზიდენტი ხაზგასმით განმარტავს, რომ მისთვის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა მიუღებელია – საოკუპაციო ჯარებისა და რუსეთის უშიშროების სამსახურების მიერ შემოგზავნილი ჯაშუშებისათვის. ჩვენი ინფორმაციით, ეს პირები მჭიდროდ თანამშრომლობენ რუსეთის სპეც-სამსახურებთან,”- განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა 2 დეკემბერს, ”საქართველო ღიაა რუსი ტურისტების, რუსი ბიზნესმენების, ხელოვანების, სპორტსმენებისა თუ რიგითი მოქალაქეებისათვის”.
რუს ექსპერტებთან დაკავშირებულ ფაქტზე 1 დეკემბერს ”მწუხარება” გამოთქვა რუსეთის საგარეო უწყებამ და ჰუმანიტარული კონტაქტების საჭიროებაზე მიუთითა.
”საქართველოს ხელისუფლების მოქმედებამ საბოლოოდ დაადასტურა ამჟამინდელი ქართული რეჟიმის ლტოლვა, რომ გაწყვიტოს ყველაფერი, რაც ჯერ კიდევ აგრძელებს რუსებისა და ქართველების დაკავშირებას,”- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ განცხადებაში, ”ოფიციალური თბილისის ასეთი მოქმედება ადასტურებს პანიკურ შიშს რთულ საკითხებზე ღიაობისა და მიუკერძოებელი პოლემიკისადმი”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)