skip to content
ახალი ამბები

ადგილობრივი არჩევნები 1 ივნისამდე ჩატარდება

ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება არაუგვიანეს 2010 წლის 1 ივნისისა, ნათქვამია კონსტიტუციაში დამატების პროექტში, რომელიც პარლამენტის ბიურომ დღეს საკანონმდებლო ინიციატივის სახით ოფიციალურად დაარეგისტრირა.

პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც იმავდროულად ითვალისწინებს თბილისის მერის ”საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით”  არჩევას, 30 ნოემბერს საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე საკონსტიტუციო კომისიამ მოიწონა.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, არჩევნების კონკრეტულ თარიღს პრეზიდენტი არაუგვიანეს 45 დღით ადრე გამოაცხადებს.

ივლისში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ადგილობრივი არჩევნები მომავალი წლის 30 მაისს გაიმართება, ნაცვლად შემოდგომისა, როცა თვითმმართველობებს კონსტიტუციურად დადგენილი 4-წლიანი ვადა ეწურებათ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნების დანიშვნის პროცედურას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამდენად, დღის წესრიგში დადგა ამ ხარვეზის კონსტიტუციური ცვლილების გზით აღმოფხვრის საკითხი. პარლამენტის მიერ ამ დამატების მიღებას სულ ცოტა ერთი თვე დასჭირდება, კონსტიტუციური კანონის განხილვის წესიდან გამომდინარე.

იმავდროულად, პარლამენტში უკვე ინიცირებულია საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად თბილისის მერის პირდაპირ, 30%-იანი ბარიერით არჩევას; თბილისის 50-წევრიანი საკრებულოს 25 უბარიეროდ არჩეული მაჟორიტარით და 25 დეპუტატის იმ პარტიათა მიერ პროპორციულად დაკომპლექტებას ითვალისწინებს, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 4%-ს მაინც მიიღებენ დედაქალაქში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button