ახალი ამბები

მმართველი პარტია მტკიცედ დგას მერის არჩევის 30%-იან ბარიერზე

მმართველი პარტია უკვე წავიდა დათმობებზე მთელ რიგ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის თბილისის მერის არჩევის წესზე და ახლა იმედოვნებს, რომ ალიანსი საქართველოსთვის იგივეს გააკეთებს და დათანხმდება 30%-იან ბარიერზე თბილისის მერის ასარჩევად.

პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა, რომელიც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ინტერპარტიული სამუშაო ჯგუფის წევრია, განუცხადა Civil.Ge-ს, რომ 30%-იანი ბარიერი მაქსიმუმია, რაზეც მმართველ პარტიას შეუძლია დათანხმდეს.

მისი თქმით, თავდაპირველად ნაციონალურ მოძრაობას საერთოდ არ უნდოდა ბარიერი, მაგრამ ”მოლაპარაკებების პროცესში ჩვენ კომპრომისზე წავედით” და 30%-იან ბარიერს დავთანხმდით.

”ჩვენ ასევე წავედით დათმობებზე თბილისის საკრებულოს არჩევის წესზე და 25/25 სქემას დავთანხმდით, რომელსაც ყველა პარტიამ დაუჭირა მხარი, მათ შორის ალიანსმა საქართველოსთვის,” – განაცხადა მინაშვილმა. ყველა პარტია თანხმდება თბილისის საკრებულოში 25 წევრის მაჟორიტარული და დანარჩენი 25-ის პროპორციული წესით არჩევას.

მინაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 30%-იან ბარიერზე ინტერპარტიული სამუშაო ჯგუფის ყველა მონაწილე თანხმდება, გარდა ალიანსი საქართველოსთვის. გადაწყვეტილებებს ჯგუფი კონსენსუსის საფუძველზე იღებს და ნებისმიერ პარტიას აქვს ვეტოს დადების უფლება.

”ჩვენი სურვილია, რომ გვქონდეს კონსენსუსი და მივაღწიოთ შეთანხმებას ამ ფორმატში; მაგრამ ჩვენი რამოდენიმე კომპრომისის შემდეგ, ახლა ალიანსზეა დამოკიდებული, რომ შეუერთდეს ჯგუფის გადაწყვეტილებებს… ახლა ბურთი მათ მოედანზეა,” – განაცხადა მინაშვილმა.

მას შემდეგ, რაც ვერ მოხდა თბილისის მერის არჩევის წესზე შეთანხმების მიღწევა 18 ნოემბერს, ჯგუფის ბოლო შეხვედრაზე დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა, რომელიც ინტერპარტიული ჯგუფის წევრია, განაცხადა, რომ ”ამ ფორმატში მუშაობის გაგრძელების ყველა რესურსი ამოწურულია”.

18 ნოემბრის შეხვედრაზე ალიანსმა უკან დაიხია და 50%-იანის ნაცვლად 45%-იანი ბარიერი შესთავაზა ჯგუფს, თუმცა ეს შემოთავაზება მმართველმა პარტიამ და ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ ჩააგდეს.

19 ნოემბერს ალიანსმა საქართველოსთვის მმართველ პარტიას მოუწოდა შეეცვალა პოზიცია და დაბრუნებულიყო მოლაპარაკებების მაგიდასთან ორმხრივი კომპრომისესბის შედეგად შეთანხმების მისაღწევად. ალიანსმა ასევე მიანიშნა, რომ მზად იყო შემდგომი კომპრომისისთვის, თუმცა არა 30% ან 35%-იან ბარიერამდე.

დეპუტატი აკაკი მინაშვილი კატეგორიულად არ ეთანხმება იმ ფორმულირებას, რომ მმართველმა პარტიამ დატოვა ინტერპარტიული ჯგუფის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი. ”ჩვენ ბევრჯერ დავთმეთ და ახლა მათი დროა იგივე გააკეთონ,” – განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ალიანსი საქართველოსთვის არ შეუერთდება 30%-იანი ბარიერის შემოთავაზებას, ამ და სხვა საარჩევნო საკითხებზე განხილვები პარლამენტში გაგრძელდება, რადგანაც დრო არ ითმენს. ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, სავარაუდოდ, ვენეციის კომისიაში გაეგზავნება, სანამ მათ პარლამენტი დაამტკიცებს.

30%-იანი ბარიერის შესახებ შემოთავაზება მსგავსია იმისა, რაც გამოყენებული იქნა მაჟორიტარი დეპუტატების არჩევისას 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს და რის შედეგადაც მმართველი პარტიის კანდიდატებმა წარმატებას მიაღწიეს, მათ შორის თბილისში. მმართველი პარტიის კანდიდატები უკეთეს პოზიციაში იმყოფებოდნენ, რადგანაც ისინი რამოდენიმე ოპოზიციურ კანდიდატს უპირისპირდებოდნენ, მაშინ როცა ოპოზიციის საერთო ხმები დაიყო.
 
 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button