ახალი ამბები

ცხინვალმა ოთხ მოზარდს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

4 ნოემბერს დაკავებული ოთხი ქართველი მოზარდი ცხინვალში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ნათქვამია 19 ნოემბერს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ ოსეთის ლიდერის წარმომადგენლის მოადგილემ პოსტ-კონფლიქტური მოგვარების საკითხებში მერაბ ჩიგოევმა განაცხადა, რომ ოთხ მოზარდს წინასწარი პატიმრობა ათი დღის წინ მიუსაჯეს და ისინი პატიმრობაში კიდევ ერთი თვე და 20 დღე დარჩებიან.

მისი თქმით, ოთხ მოზარდს ბრალად ედება ”სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და ასაფეთქებელის ნივთიერებების უკანონო ფლობა”.

იმავდროულად, 19 ნოემბერს, ერგნეთში იგეგმებოდა საქართველოს და სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენელთა შეკრება რუსი სამხედროების და ევროკავშირის დამკვირვებელთა მონაწილეობით  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. 

თუმცა, შეხვედრა ჩაიშალა, რადგანაც ცხინვალმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

მერაბ ჩიგოევმა განაცხადა, რომ ცხინვალის უარის მიზეზი იყო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის არარსებობა, რომლებიც ცხინვალის თქმით, ქართულ მხარეს ჰყავს დაკავებული. ცხინვალის თქმით, ორი ოსი მოქალაქე – იბრაგიმ ლალიევი და ლავრენტი კაზიევი ქართულმა პოლიციამ 2008 წლის ოქტომბერში დააკავა, ხოლო მესამე – ვლადიმერ ელოევი 2009 წლის მაისში.

სეპარატისტული მთავრობის ვებ-გვერდის თანახმად, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ 17 ნოემბერს და 19 ნოემბერს სთხოვა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გადაემოწმებინა ისტორია, რომელიც რადიო ”თავისუფლებამ” გაავრცელა და რომლის თანახმადაც სამი ოსი პოლიციას ყავს დაკავებული გორში ერთ-ერთ კერძო სახლში.

10 ნოემბერს რადიო ”თავისუფლების” ახლად გახსნილი რუსულენოვანი პროგრამა ”ეხო კავკაზა”, რომელიც ძირითადად საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის მოსახლეობაზეა გათვლილი, იტყობინებოდა, რომ სამი ოსის ნათესავებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს სარჩელით, რათა მოსთხოვონ საქართველოს ხელისუფლებას ინფორმაცია მიაწოდოს სამი მამაკაცის ადგილმდებარეობის შესახებ.

ამავე ინფორმაციით, ზაფხულში ქართულმა მხარემ გირაოთი გაათავისუფლა სამივე მათგანი, რათა შემდეგ სამხრეთ ოსური მხარისთვის გადაეცა; თუმცა, ბოლო მომენტში დაკავებულის გათავისუფლების გარიგება ჩაიშალა და მას შემდეგ მათი ადგილმდებარეობა უცნობია.

საქართველოს მთავრობის მიერ სტრასბურგის სასამართლოსთვის 23 ოქტომბერს გაგზავნილი ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე რადიო ”თავისუფლების” ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სამივე მამაკაცი 4 აგვისტოს შემდეგ ”პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ” პატიმრობაში რჩებიან ერთ-ერთ კერძო სახლში. ამავე დოკუმენტზე დაყრდნობით, ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ქართულმა მხარემ იმით ახსნა სამივე მათგანის პატიმრობაში დარჩენის აუცილებლობა, რომ მათ შესაძლოა ისევ ჩაიდინონ ის დანაშაულები, რისთვისაც ისინი დააკავეს – ორი მათგანი იარაღის უკანონო ტარებისთვის, ხოლო ერთი პოლიციელის გატაცებისთვისაა დაკავებული. ამავე დოკუმენტის თანახმად, ქართული მხარე უარს აცხადებს სამი მამაკაცის სამხრეთ ოსური მხარისთვის გადაცემაზე იმ მოტივით, რომ ისინი შესაძლოა დასაჯონ ცხინვალში ქართულ სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობის გამო.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ წუხს იმის გამო, რომ ცხინვალმა გადაწყვიტა არ დაესწროს ერგნეთის შეხვედრას 19 ნოემბერს.

”მუდმივი დიალოგი წინსვლის ერთადერთი გზაა,” – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა.

მისიამ ასევე განაცხადა, რომ ”ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, საქართველოს, რუსეთის, სამხრეთ ოსეთის, ეუთოსა და ევროკავშირის მონაწილეებს შორის ინფორმაციის რეგულარულმა გაცვლამ ხელი შეუწყო ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს რამდენიმე დაკავებულის სახლში დაბრუნებას”. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button