საგარეო უწყება: რუსმა ოკუპანტებმა ხუთი ქართველი ”გაიტაცეს”
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 10 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლებმა საქართველოს ხუთი მოქალაქე გაიტაცეს ანაკლიის მიდამოებში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თევზის რეწვის დროს და უკანონო თევზჭერის ბრალდება წაუყენეს.
”ამგვარად გრძელდება რუსეთის უკიდურესად სახიფათო და ბინძური პროვოკაციების ჯაჭვი, რომლებმაც ადამიანებზე ნადირობის გამოკვეთილი ფორმა მიიღო,”- აცხადებს სამინისტრო, ”კრემლი არ ერიდება ამგვარი მეთოდების გამოყენებას, რათა უკიდურესად დაძაბოს სიტუაცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე და შექმნას ყველა წინაპირობა კონფლიქტის ცხელ ფაზაში გადაყვანის მიზნით”.
საგარეო უწყება მოითხოვს დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ დაბრუნებას და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას ”სათანადო ზომების” მიღებისკენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)