ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება 21 ქართველის გათავისუფლებას

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მოუწოდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარის სამართალდამცავ სტრუქტურებს ”გამოიჩინონ მოქნილობა” ადმინისტრაციული საზღვრის შემთხვევით დარღვევის ფაქტებთან მიმართებაში.

სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში განთავსებულმა რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის მესაზღვრეებმა კვირის დასაწყისში ჯერ 16, შემდეგ კი 5 ქართველი დააკავეს. 29 ოქტომბერს ხუთი ქართველი გაათავისუფლეს, 30 ოქტომბერს კი დარჩენილი 16.

”ადმინისტრაციული გამყოფის თავისებურება და ტრადიციულად მჭიდრო კავშირები ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის, ალბათ, კვლავ გამოიწვევს შემთხვევით გზის აბნევას, განსაკუთრებით მოსავლის აღების პერიოდში,” – განაცხადა სადამკვირვებლო მისიამ 30 ოქტომბერს.

”ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მონაწილეებმა არაერთხელ დაუჭირეს მხარი არაფორმალურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს არაგანზრახ დამრღვევების უკან გამობრუნება და არა მათი დაპატიმრება ან დაკავება. მოცემული შეთანხმების მუდმივად შესრულება ხელს შეუწყობს მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილებას და პოზიტიურ გავლენას იქონიებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობებზე,” – განაცხადა მისიამ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი მიესალმა 21 ქართველის გათავისუფლებას და განაცხადა, რომ ”საქართველოს, სამხრეთ ოსეთის, რუსეთისა და მისიის დამკვირვებლებს შორის თანამშრომლობა გადამწყვეტი აღმოჩნდა მოცემული შემთხვევების სწრაფი მოგვარებისათვის“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button