Placeholder canvas
ახალი ამბები

თბილისის რაიონები მცირე ტერიტორიულ ერთეულებად დაიყოფა

თბილისის ექვსი რაიონი 30 ტერიტორიულ ქვეერთეულად დაიყოფა, რათა თბილისელებმა თავისივე უბნებში ”მარტივად და დროულად” მიიღონ მუნიციპალური მომსახურება, განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ.

მერის ეს ინიციატივა 29 ოქტომბერს დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა.

”მთავარი ამოსავალი წერტილი ამ ადმინისტრაციული დაყოფის არის ის, რომ ჩვენ მოვუსმინოთ თბილისელებს ყველა უბანში, შევძლოთ ყველა ადამიანთან მისვლა… და მათი პრობლემის გაზიარება,”- განაცხადა დღეს საკრებულოს სხდომაზე უგულავამ, რომელიც 2010 წლის მაისში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე მმართველი პარტიის ფავორიტ კანდიდატად მიიჩნევა თბილისის მერის თანამდებობაზე.

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, რომელიც ალიანსმა თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა, საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებას.

”ეს მიზნად ისახავს სახელმწიფო საფინანსო და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებით ოპოზიციის არათანაბარ პირობებში ჩაყენებას,”- განაცხადა ალასანიამ ინტერნეტ-ფორუმზე კითხვებზე პასუხის გაცემის დროს, ”ჩვენი რესურსი არის სიმართლე და პრობლემების მოგვარების არა ზედაპირული დაპირება, არამედ კონკრეტული გეგმა”.

დედაქალაქის ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება ასევე გააკრიტიკეს ლეიბორისტებმაც. საკრებულოს წევრის პაატა ჯიბლაძის განცხადებით, წლის განმავლობაში ბიუჯეტს ახალი ტერიტორიული ერთეულების დაფინანსება 972 ათასი ლარი დაუჯდება. ”ეს იმ დროს, როდესაც ქვეყანაში არის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და პრეზიდენტი გამოდის მოთხოვნით, რომ მაქსიმალურად… იქნეს შემოჭერილი ქამრები,” – განაცხადა მან საკრებულოს სხდომაზე.

დამტკიცებული პროექტის მიხედვით, თითოეულ ახალ ტერიტორიულ წარმონაქმნს იმავე უბანში მაცხოვრებელი, გამგებლის წარმომადგენელი და მისი მოადგილე უხელმძღვანელებს, რომელთა ხელფასები, შესაბამისად, 1600  და 1100 ლარით განისაზღვრა.

პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული დაყოფა შემდეგნაირად განხორცელდება: 

ძველი თბილისის რაიონი
: მთაწმინდა, სოლოლაკი, ორთაჭალა;   

ვაკე-საბურთალოს რაიონი: ვაკე-ბაგები, ვაჟა-ფშაველას კვარტლები ნუცუბიძის მიკრორაიონები, დიღომი-ვაშლიჯვარი, ვეძისი-ყაზბეგი-გოთუა-საბურთალოს ქუჩა, კოსტავა-ბახტრიონი-დოლიძე-ხილიანი;

ისანი-სამგორის რაიონი: კრწანისი-ფონიჭალა, ზემო ავლაბარი-მეტრომშენი, ნავთლუღი, ვაზისუბანი, მე-8 ლეგიონი, ვარკეთილი, მესამე მასივი, ორხევი, აეროპორტი, ლილო, ქვემო სამგორი;

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი: ზემო ჩუღურეთი, დიდუბე, დიღმის მასივი;

გლდანი-ნაძალადევის რაიონი: ძველი ნაძალადევი, ლოტკინი, ნაძალადევი, სანზონა, თემქა, ავჭალა-გლდანის ხევი, გლდანის ლუწი მიკრორაიონები, გლდანის კენტი მიკრორაიონები, მუხიანი;

დიდგორის რაიონი: დიდგორი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button