ცხინვალი კიდევ ხუთი ქართველის დაკავების შესახებ იტყობინება
ქარელის რაიონის ხუთი მკვიდრი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ”საზღვრის” დარღვევის მოტივით 26 ოქტომბერს, სოფელ ბალთასთან რუსულ სასაზღვრო საგუშაგოზე დააკავეს, იტყობინება სეპარატისტული რეგიონის ბეჭდვისა და მასობრივი კომუნიკაციების სამინისტრო 28 ოქტომბერს.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ცნობით, დაკავებულთა თქმით, ისინი ზნაურის რაიონში იყვნენ მიწვეული სამუშაოდ, ”მაგრამ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ეს ინფორმაცია არ შეეფერება სინამდვილეს”.
ოსური მხარის განცხადებით დაკავებულთა შესახებ უკვე ეცნობა ქართულ მხარეს, ხოლო სეპარატისტული სასამართლო ”სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის” მათზე ადმინისტრაციული სასჯელის დაკისრებაზე უახლოეს ხანებში იმსჯელებს.
იმავდროულად, კვლავ ოსური მხარის პატიმრობაში რჩება საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც შეშის დამზადების დროს რუსმა მესაზღვრეებმა სამხრეთ ოსეთის ”საზღვრის” დარღვევის მოტივით 25 ოქტომბერს დააკავეს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით დღეს საგანგებო შეხვედრა გაიმართა ქართული, რუსული და სამხრეთ ოსური მხარეების მონაწილეობით.
”ორივე მხარისგან გვაქვს პირობა, რომ დღეს 7 საათამდე მოგვცემენ საბოლოო პასუხს [დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ],”- განუცხადა შოთა უტიაშვილმა, შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ, ”ისინი იმყოფებიან ქალაქ ახალგორში, როგორც ჩვენ ვიცით, არიან ნორმალურ პირობებში და ვნახოთ, იმედია, რომ ეს პრობლემა ძალიან მალე გადაიჭრება”.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ”არის შანსი დღეს გაათავისუფლონ” 16 დაკავებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)