skip to content
ახალი ამბები

სეპარატისტული აფხაზეთის ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი დასახელდა

ბიზნესმენი და ყოფილი დეპუტატი ბესლან ბუთბა 23 ოქტომბერს მისმა ეკონომიკური განვითარების პარტიამ სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.

საპრეზიდენტო არჩევნები სეპარატისტულ რეგიონში 12 დეკემბერს ჩატარდება. აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა უკვე განაცხადა, რომ ხელახლა აპირებს კენჭისყრას.

ბუთბამ, რომელიც ერთ დროს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო, 2007 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მანდატი ვერ შეინარჩუნა.

იგი აფხაზეთში მოქმედი ერთადერთი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ”აბაზა TV”-ს და გაზეთ ”აფხაზეთის ექოს” მფლობელია.

დეკემბრის არჩევნებში სავარაუდოდ ასევე მიიღებს მონაწილეობას რაულ ხაჯიმბა, რომელმაც ვიცე-პრეზიდენტის პოსტი მაისში დატოვა. აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაარეგისტრირა ხაჯიმბას მხარდამჭერი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც სავარაუდოდ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურას წამოაყენებს.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ასევე გამოთქვა მეცნიერმა ვიტალი ბგანბამ; თუმცა, ის არაკონკურენტუნარიან კანდიდატად მიიჩნევა.

კანდიდატების დასახელების ვადა 2 ნოემბერს იწურება. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button