ახალი ამბები

კონსტანტინე გამსახურდია დეპუტატის მანდატის აღდგენას დათანხმდა

პარტია თავისუფლების ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ 23 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების აღდგენის და პარლამენტში მოღვაწეობის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

”ამასთან დაკავშირებით მე განზრახული მაქვს უახლოეს ხანებში წერილობით მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს,”- განაცხადა მან საგანგებო პრესკონფერენციაზე, ”ამავე დროს, მე მივესალმები იმ კომისიის შექმნას, რომლის მიზანიცაა გამოიძიოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებები”.

პარლამენტის გადაწყვეტილებას პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ ბოლო პერიოდში მედია კონსტანტინე გამსახურდიას პარლამენტში შესვლას უკავშირებდა. 11-წევრიანი კომისია, რომელიც ჯერ არ დაკომპლექტებულა, სამი თვის განმავლობაში იმუშავებს.

კონსტანტინე გამსახურდიას გადაწყვეტილება შესაძლებელი გახადა პრეზიდენტის ინიციატივით განხორციელებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა, რომელიც პარლამენტში დაბრუნების შანსს 2009 წლის ბოლომდე აძლევს პროპორციული წესით არჩეულ იმ 10 ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რომლებმაც 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მოტივით უარი თქვეს სადეპუტატო მანდატებზე.

საპარლამენტო ოპოზიცია და უმრავლესობა მიესალმა გამსახურდიას გადაწყვეტილებას, განსხვავებით არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისაგან, რომლებიც მანდატების აღდგენას არ აპირებენ.

”ჩვენ არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს არის კონტანტინე გამსახურდიას უფლება,”- განუცხადა ტელეკომპანია ”იმედს” კახა კუკავამ, კონსერვატორების თანათავმჯდომარემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button