ახალი ამბები

ტყეშელაშვილი: სააკაშვილი ოპოზიციასთან ოკუპირებული ტერიტორიების სტრატეგიას განიხილავს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები 12 ოქტომბერს დაგეგმილი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოიწვია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ქვეყნის სტრატეგიის განხილვის მიზნით, განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა.

”ეს არის ის საკითხები, რომლებიც პოლიტიკური დაპირისპირების მიღმა მდგომი საკითხებია, ის საკითხები, სადაც თითოეულ პოლიტიკურ პარტიას საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქმიანი დიალოგი გაიმართება ისევე, როგორც ეს წინა სხდომაზე მოხდა,” – განუცხადა მან ტელეკომპანია ”იმედს” 12 ოქტომბერს.

პირველი ანალოგიური შეხვედრა რამოდენიმე ოპოზიციური ლიდერის მონაწილეობით 6 აგვისტოს გაიმართა.

ტყეშელაშვილის თქმით, ჯერ სტრატეგია შემუშავებული არ არის და ხელისუფლების სურვილია, რომ ოპოზიცია ამ სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩაერთოს.

”ჩვენ დღეს წარვადგენთ მოსაზრებებს სტრატეგიასთან მიმართებაში, ინფორმაციას როგორ არიან ჩართული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ამ პროცესში და ჩვენ გვსურს, რომ ამ პროცესში თანამონაწილეობის გზით, პოლიტიკურ ოპოზიციასთან ერთად, შემდგომში მივიღოთ უკვე საბოლოო გადაწყვეტილებები,” – განაცხადა მან.

საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერების გარდა აგვისტოში გამართულ სხდომას ასევე ესწრებოდნენ ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია, პარტია თავისუფლების ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია, მრეწველთა პარტიის ლიდერი ზურაბ ტყემალაძე და ტრადიციონალისტების ლიდერი აკაკი ასათიანი.

დეპუტატმა პეტრე მამრაძემ ზურაბ ნოღაიდელის პარტიიდან მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პირველ შეხვედრაში, გააკრიტიკა შეხვედრის დღის წესრიგი და განაცხადა, რომ ის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს. მან უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომას ”PR ნაბიჯი და დემოკრატიის იმიტაცია” უწოდა.

კონსერვატიულმა პარტიამ მოუწოდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს არ მიიღონ მონაწილეობა ”ამგვარ დადგმებში”. დემოკრატიულ მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ვერ ხედავს რაიმე მიზეზს სააკაშვილთან თანამშრომლობისა, ”რომელმაც არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა დემოკრატიისკენ, მიუხედავად დაპირებებისა”.

საპარლამენტო უმცირესობის და ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ, რომელიც შეხვედრაზე დასწრებას აპირებს, განაცხადა, რომ მისი პარტია ეროვნული უშიშროების საბჭოს რეფორმირების საჭიროების საკითხს დააყენებს.

”ფორსმაჟორულ სიტუაციებში ეროვნული უშიშროების საბჭოს, როგორც წესი, არ ყოფნის რესურსი, შესაძლებლობები, მოწოდება საიმისოდ, რომ გაუმკლავდეს არსებულ პრობლემებს. ჩვენ ვამზადებთ და საშემოდგომო სესიაზე პარლამენტში იქნება ინიცირებული ეროვნული უშიშროების შესახებ კანონი, რომლის ერთ მნიშვნელოვან ნაწილსაც წარმოადგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრუქტურული რეორგანიზაცია,” – განაცხადა თარგამაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა დღეს, რომ ამგვარი შეხვედრა ორი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი.

”ამგვარი შეხვედრების საშუალებით ოპოზიციას ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში,” – განაცხადა მან. ”და მეორე, ეს არის სიგნალი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ, რომ მიუხედავად ძალიან ბევრი განსხვავებისა, იქ სადაც საკითხი ეხება ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს, სადაც საკითხი ეხება ქვეყნის ძირითად უსაფრთხოების ინტერესებს, გარკვეულ ფარგლებში ხელისუფლებას და ოპოზიციას შეუძლია ამ თემების განხილვა და ერთობლივ გადაწყვეტილებებამდე მისვლა”.

”იმედს გამოვთქვამ, რომ ის არასაპარლამენტო პარტიები, ვინც მონაწილეობა მიიღო პირველ სხდომაში, გამოიჩენენ თანმიმდევრულობას და ასევე დაესწრებიან დღევანდელ სხდომას,” – დასძინა მან.   

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button