
ოპოზიციამ ”პოლიტპატიმართა” სია წარმოადგინა
პოლიტიკური ნიშნით სულ 67 პატიმარია 2005-2009 წლებში დაკავებული, განაცხადა 9 ოქტომბერს კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ არასაპარლამენტო ოპოზიციის, უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და ადვოკატების შეხვედრაზე.
მისი თქმით, 2 კვირის ვადაში ოპოზიციურ პარტიებს შორის გაფორმდება მემორანდუმი, სადაც მთავარი მოთხოვნა იქნება ”პოლიტპატიმრების” გათავისუფლებისთვის საჭირო მექანიზმების შემუშავება. მან ასევე განაცხადა, რომ ამ 67-კაციან ”პოლიტპატიმართა” ერთიან ნუსხას ოპოზიცია დეტალურად გააცნობს დიპლომატიურ კორპუსს.
პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა ჩამონათვალში ჭარბობენ 2007 წლის ნოემბრის აქციებისა და განსაკუთრებით, ამა წლის გაზაფხულის აქციების დროს დაკავებული პირები, რომელთა შორის უმრავლესობა ოპოზიციური პარტიების: დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს, რესპუბლიკელების, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ეროვნული ფორუმის, კონსერვატორების, ახალი მემარჯვენეების და ასევე ახალგაზრდული ოპოზიციური მოძრაობების წარმომადგენლები არიან.
აპრილის აქციების შემდეგ დაპატიმრებულთა სიაში მოხვედრილი 37 პირიდან 60%-ზე მეტს ბრალი ედება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში, დანარჩენებს – ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვაში და სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევაში ისე, რომ. კუკავას განცხადებით, ყველა ამ საქმეში ”ერთადერთი მტკიცებულება” არის პოლიციელის ჩვენება.
”ვინც იარაღის გამო დააკავეს, აბსოლუტურად ყველა წინასწარ იყო არაოფიციალურად გაფრთხილებული, რომ დაენებებინათ ოპოზიციურ აქციებში მონაწილეობისთვის თავი,”- განაცხადა კუკავამ ”პოლიტპატიმართა” სიის პრეზენტაციაზე.
მისი თქმით, განსაკუთრებით რეგიონებში დაპატიმრებულთა შორის სპეციალურად შეარჩიეს ის ადამიანები, ვინც გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობს ადგილობრივ მოსახლეობაში. ”ეს იყო რეპუტაციებზე თავდასხმები,”- განაცხადა მან.
ამ სიაში ასევე შესულია მუხროვანის ამბოხის საქმეში ბრალდებული, წინასწარ პატიმრობაში მყოფი კობა კობალაძე, რომლის მიმართ სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია.
”ეს საქმე პოლიტიკურია და ამისთვის კმარა იმ ფაქტის მოყვანა, რომ კობალაძის დაკავების პარალელურად პრეზიდენტი სააკაშვილი მის თავისუფლებაში ყოფნას საჯაროდ აპროტესტებდა,”- განაცხადა კუკავამ დღევანდელ პრეზენტაციაზე.
სიაში ასევე შესულები არიან მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერის ეკა ბესელიას წინასწარ პატიმრობაში მყოფი ძმა; ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი; იგორ გიორგაძის მომხრეები.
აგვისტოში შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის შეხვედრა შედგა ”პოლიტპატიმრების” საკითხზე, რის შემდგომაც სულ 4 პირი იქნა გათავისუფლებული ისე, რომ მათ წაყენებული ბრალდებები არ მოხსნიათ.
This post is also available in: English