ახალი ამბები

ქართულ-რუსულ-ბრიტანული ერთობლივი სადაზვერვო ფრენები

საქართველომ და რუსეთმა, ბრიტანულ ჯგუფთან ერთად, გასულ თვეს ორი ერთობლივი სადაზვერვო ფრენა განახორციელეს ერთმანეთის ტერიტორიებზე.

ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა 8 ოქტომბერს ამ მისიას ”წარმატებული” უწოდა. 

სადაზვერვო ფრენები ”ღია ცის” შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა. ეს დოკუმენტი, რომელიც ძალაში 2002 წელს შევიდა, წარმოადგენს სამხედრო შეთანხმებას და მას კავშირი არ აქვს ”ღია ცის” შესახებ წესებთან, რომელიც კომერციულ ფრენებს არეგულირებს.   

ეს სამხედრო ხელშეკრულება აყალიბებს შეუიარაღებელ საჰაერო სადაზვერვო ფრენების რეჟიმს მისი ოცდათოთხმეტივე მონაწილისთვის, რომელთა შორის საქართველოც და რუსეთიც არიან. ხელშეკრულების მიზანია ურთიერთგაგების და ნდობის გაღრმავება, რისთვისაც ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეაგროვონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო სამხედრო ძალების შესახებ სადამკვირვებლო ფრენების მეშვეობით.    

”ამ განხორციელებულმა ფრენებმა აჩვენა, რომ პროგრესის მიღწევა შეიარაღების კონტროლის საკითხებში შესაძლებელია თუნდაც ყველაზე რთულ გარემოებებშიც კი. ის რომ მისიამ შეუფერხებლად ჩაიარა, არის არა მარტო ბრიტანული სამხედრო ძალების, არამედ მათი რუსი და ქართველი კოლეგების პროფესიონალიზმის გამოვლინება,” – წერს მილიბენდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბლოგზე 8 ოქტომბერს.

თბილისში ბრიტანეთის საელჩოს მონაცემებით, პირველი ფრენა სექტემბრის დასაწყისში რუსეთის საჰაერო სივრცეში განხორციელდა. სპეციალურად ამ მიზნით დაქირავებულ შვედურ სამხედრო თვითმფრინავში, რომელიც მოსკოვიდან აფრინდა, ბრიტანელ, რუს და ქართველ სამხედროთა ერთობლივი ჯგუფი იმყოფებოდა.

ასევე ერთობლივი რუსულ-ბრიტანულ-ქართული ჯგუფი იმყოფებოდა იმ უკრაინულ სამხედრო თვითმფრინავში, რომელიც თბილისიდან 30 სექტემბერს აფრინდა და სადაზვერვო ფრენა საქართველოს თავზე განახორციელა.

მილიბენდი წერს, რომ რეგიონში სიტუაციის დასარეგულირებლად პროგრესის მიღწევისთვის საჭიროა მხარეებს შორის ნდობის გაჩენა. ”სწორედ ამიტომ მე მივესალმები წარმატებულად განხორციელებულ ერთობლივ რუსულ-ბრიტანულ-ქართულ საჰაერო ფრენებს, რომლებიც ’ღია ცის’ შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა,” განაცხადა მილიბენდმა.

Back to top button