”რუსთავი 2”-ის ინფორმაცია ევროკავშირის დაფინანსებული მისიის ექსპერტის შესახებ
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა განაცხადა თავის საინფორმაციო გადაცემა ”კურიერში” 7 ოქტომბერს საღამოს 9 საათზე, რომ აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით ევროკავშირის დაფინანსებული კომისიის ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა რუსული ”გაზპრომისგან” ”ჰონორარი” მიიღო.
ამავე ინფორმაციით, ”ჰონორარი” ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორს ოტო ლუხტერხანდტს კომისიაში ”რუსული ინტერესების ლობირების” სანაცვლოდ გადაუხადეს.
”რუსთავი 2”-ის ცნობით, სკანდალი შესაძლოა სამართალდამცავების ყურადღების ცენტრში მოექცეს, ვინაიდან ლუხტერხანდტის საბანკო ანგარიშზე ”სოლიდური” თანხა იქნა გადარიცხული. ამავე ინფორმაციით, ფულის წარმომავლობა რუსულია და გამორიცხული არ არის, რომ კომისიის ექსპერტთა წინააღმდეგ ახალი კომპრომატები გაჩნდეს. ”რუსთავი 2” ასევე აცხადებს, რომ მიუხედავად საერთაშორისო სკანდალისა, კომისიის დასკვნები არ გადაიხედება, თუმცა კომისიის წევრებს რამოდენიმე ”უხერხულ კითხვაზე” მოუწევთ პასუხის გაცემა.
ტელეკომპანიის ცნობით, ეს კრემლის აპრობორებული ტაქტიკაა, ვინაიდან კრემლში არსებობს სპეციალური ბიუჯეტი, რომლითაც იმ პოლიტიკოსების დაფინანსება ხდება, ვინც რუსულ ინტერესებს ლობირებენ.
”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, კომპრომატები ოტო ლუხტერხანდტის წინააღმდეგ საინფორმაციო სააგენტო ”ექსპრესნიუსმა” დადო. სააგენტო აცხადებს მოსკოვში თავის წყაროზე დაყრდნობით, რომ ”გაზპრომმა” საკმაოდ სოლიდური თანხა გადარიცხა ბონში ექსპერტის საბანკო ანგარიშზე. ამავე წყაროს ვარაუდით, ეს არის ჰონორარი იმ განცხადებებისთვის, რომელიც კომისიის ექსპერტმა ავსტრიულ გაზეთ Der Standard-თან ინტერვიუში გააკეთა, სადაც იგი აცხადებს, რომ არსებული სიტუაციის განმუხტვა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებითაა შესაძლებელი.
”მხოლოდ ეს განცხადებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენ ამ განცხადების უკან ამოვიკითხოთ გარკვეული კავშირები, თუ ვის და რას ემსახურება ეს ადამიანი და აქედან გამომდინარე, თუ რამხელა იქნებოდა ამგვარი ადამიანების მხრიდან ზეწოლა ამ ანგარიშის დაწერის დროს დანარჩენ კომისიის წევრებზე, რომ ანგარიში ყოფილიყო მიკერძოებული რუსეთის სასარგებლოდ,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა.
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ამგვარ ბრალდებებს თავად კომისიის ხელმძღვანელობამ უნდა უპასუხოს.
”რადგანაც ასეთი ქმედება კომისიის მიერ დაქირავებული ექსპერტისა ჩრდილს აყენებს თვითონ კომისიას,” – განაცხადა მან.
ტელეკომპანიის ცნობით, ”კურიერი” შეეცადა ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაკავშირებოდა ოტო ლუხტერხანდტს, თუმცა მან არ უპასუხა კითხვაზე მართლა გადაურიცხეს თუ არა მას თანხა ანგარიშზე.
რუსი ექსპერტების განცხადებით, კრემლი ”აპრობირებულ” მეთოდს იყენებს. მათი თქმით, იქ არსებობს სპეციალური ბიუჯეტი, რომელსაც კრემლი პოლიტიკოსების და ექსპერტების ლოიალური განწყობის ”საყიდლად” იყენებს.
რუსულ პრესაში გაჩენილი სტატიების თანახმად, კრემლმა ახალი საინფორმაციო ომი დაიწყო და მისი მიზანი ტალიავინის კომისიის დისკრედიტაციაა.
რუსმა ჟურნალისტმა ოლეგ პანფილოვმა განუცხადა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს, რომ ანგარიში მიუღებელია რუსეთისთვის, რადგანაც ის შეიცავს ოფიციალურ ინფორმაციას, რომელსაც კრემლი დიდი ხანია უარყოფდა. მისივე თქმით, ამ ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს შეუძლია სარჩელი შეიტანოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოში ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით.
”რუსთავი 2”-ის ცნობით, ოტო ლუხტერხანდტს ოფიციალური ახსნა-განმარტება საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია.
ანალოგიური სიუჟეტები გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველ არხზე და ტელეკომპანია ”იმედზეც”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)