საია მოუწოდებს დეპუტატებს მხარი არ დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მოუწოდებს დეპუტატებს არ დაუჭირონ მხარი პრეზიდენტის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტებს პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისთან ერთად ქუთაისის განსაზღვრისა და საპარლამენტო მანდატების აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით წინა კვირას უკვე დაამტკიცა.
”მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად ამჟამად ინიცირებული ცვლილებების შინაარსი არ არის არსებითი ხასიათის, თავად ის ფაქტი, რომ კონსტიტუცია გახდა პოლიტიკური გარიგებების საგანი, საგანგაშოა და აუცილებლად სავალალო შედეგის მომტანი გახდება ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის,”- ნათქვამია საია-ს წერილში, რომელიც თითოეულ პარლამენტარს გაეგზავნა.
”საქართველოს პარლამენტმა არ უნდა დაუშვას ისედაც მყიფე კონსტიტუციური სისტემის კიდევ უფრო დასუსტება ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილებების მიღებით. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს ეკისრება,”- აცხადებს საია.
ამასთან ორგანიზაცია ამბობს, რომ აღნიშნული პროექტების საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე სახელმწიფო კომისიასთან კონსულტაციების გარეშე მიღება, ეჭვქვეშ აყენებს ამ კომისიის მუშაობის ლეგიტიმურობას.
”დასკვნა შეიძლება ორგვარი იყოს: ხელისუფლება არასერიოზულად ეკიდება ახალი, საზოგადოებრივ შეთანხმებაზე დაფუძნებული კონსტიტუციის შექმნის იდეას, ან ქუთაისის “მეორე დედაქალაქად ქცევა” წარმოადგენს მორიგ პოპულისტურ ნაბიჯს,”- აცხადებს საია.
ამასთან ორგანიზაცია შეახსენებს, რომ 1994 წელს მიღებულ კონსტიტუციაში უკვე 19-ჯერ განხორციელებულმა ცვლილებებმა ”გამოიწვია ხელისუფლების შტოთა ბალანსის სერიოზული ხელყოფა, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება, რამაც, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური კრიზისი და ახალი კონსტიტუციის შექმნის აუცილებლობა დააყენა დღის წესრიგში”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)