ახალი ამბები

გაეროს გენასამბლეამ საქართველოს დევნილებზე რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 9 სექტემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელიც აღიარებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა და ასევე მათი შთამომავლების დაბრუნების უფლებას თავიანთ სახლებში სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რეზოლუცია ხაზს უსვამს რომ საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციებს ქონდეთ საშუალება შეუფერხებლად შევიდნენ ამ რეგიონებში რათა იქ ჰუმანიტარული საქმიანობა განახორციელონ.

 

რეზოლუციას – რომლის სათაურია ”აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სტატუსი” – 48 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 19-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 78-მა თავი შეიკავა.

”ჩვენ მოვიგეთ 48-ით 19,” – განუცხადა საქართველოს ელჩმა გაეროში ალექსანდრე ლომაიამ რადიო ”თავისუფლების” ქართულ სამსახურს.

მან ხაზი გაუსვა, რომ რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვმა, შარშან მაისში მსგავსი რეზოლუციისგან განსხვავებით, მოიმატა. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, ეს დოკუმენტი დიპლომატიური ბრძოლის ფრონტზე საქართველოსთვისთვის მაინც იქნება მნიშვნელოვანი ბერკეტი.

გენერალურმა ასამბლეამ 2008 წლის მაისშიც მიიღო მსგავსი რეზოლუცია 14 ხმით 11 წინააღმდეგ, 105-მა კი თავი შეიკავა. თუმცა, მაშინდელი რეზოლუცია, წლევანდელისგან განსხვავებით, მხოლოდ აფხაზეთს ეხებოდა.

იმ 14 ქვეყანას (საქართველოს ჩათვლით), რომელთაც შარშანდელ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი (ალბანეთი, აზერბაიჯანი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები), წელს დაემატა კიდევ 34 ქვეყანა.

ეს ქვეყნებია: ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლიხტენშტეინი, ლუქსენბურგი, მალტა, მონაკო, ჩერნოგორია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პორტუგალია, სენტ-ლუსია, სან მარინო, სლოვენია, ესპანეთი, ყოფილი იუგოსლავიური რესპუბლიკა მაკედონია, უგანდა, გაერთიანებული სამეფო და ვანუატუ.

2008 წლის მაისის რეზოლუციის მსგავსად, ცხრა ქვეყანამ 9 სექტემბერს  ახალ რეზოლუციას ისევ  წინააღმდეგ მისცა ხმა. ეს ქვეყნებია: სომხეთი, ბელარუსი, კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკა, ინდოეთი, ირანი, მიანმა, რუსეთი, სირია და ვენესუელა; მოწინააღმდეგეთა ხმებს წელს კიდევ 10 ქვეყანა დაემატა – ალჟირი, ბოლივია, კუბა, ეკვადორი, ეთიოპია, ნიკარაგუა, ლაოსი, შრი ლანკა, ვიეტნამი, ზიმბაბვე.

სერბეთმა, რომელმაც შარშან წინააღმდეგ მისცა ხმა, ამჯერად თავი შეიკავა, ხოლო სუდანი, რომელიც ასევე წინააღმდეგ იყო შარშან, ახლა სხდომას არ დასწრებია.
 
2008 წლის მაისის რეზოლუციის მსგავსად, წლევანდელი დოკუმენტიც აღნიშნავს იმ ვადების შემუშავების საჭიროებას, რომელშიც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა უსაფრთხო დაბრუნება და სთხოვს გაეროს გენერალურ მდივანს რეზოლუციის განხორციელების შესახებ ”ყოვლისმომცველი მოხსენება” წარადგინოს გენერალურ ასამბლეის მომდევნო პლენარულ სხდომაზე.

2008 წლის მაისის გენერალური ასამბლეის რეზოლუციის შესაბამისად, გაეროს გენერალურმა მდივანმა აგვისტოს ბოლოს მოხსენება წარმოადგინა, რომელშიც ნათქვამია, რომ ადგილზე ”არსებული ვითარების და მხარეებს შორის ჯერ კიდევ მიმდინარე დისკუსიების გამო, ჯერჯერობით არ შემუშავებულა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ნებაყოფლობითი დაბრუნების გაწერილი ვადები.”

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაეროს შესაბამის სააგენტოებს გააჩნიათ მანდატი ხელი შეუწყონ დევნილთა დასაბრუნებლად შესაბამისი პირობების შექმნას, მთლიანობაში ”პასუხისმგებლობა დევნილთა დაბრუნებისთვის საჭირო პირობების (უსაფრთხოება, ეკონომიკა, ინტეგრაცია და ა.შ) შესაქმნელად და შესანარჩუნებლად თავად მხარეებს ეკისრებათ”.

9 სექტემბერს გამართულ კენჭისყრამდე რუსეთი შეეცადა საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნილიყო, თუმცა მის ამ მცდელობას მხარი არ დაუჭირეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ 3 სექტემბერს განაცხადა, რომ რეზოლუციის პროექტი ”არ ასახავს ადგილზე არსებულ რეალობას”.

”რეალობა კი ის არის, რომ ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – წარმოიშვა რეგიონში და როგორც საქართველოს ხელმძღვანელობას, ისე მის უცხოელ მფარველებს მოუწევთ ადრე თუ გვიან ამ ფაქტის გათვალისწინება,” – განაცხადა მან.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად საქართველოში 293 048-ზე მეტი დევნილი ცხოვრობს, მათგან 245 363 – აფხაზეთიდანაა. ამ 245 363-დან, დაახლოებით 45 000 ადამიანი სპონტანურად დაბრუნდა თავიანთ სახლებში გალის რაიონში, თუმცა ისინი მაინც მიიჩნევიან დევნილებად საქართველოში და მათზე სახელმწიფოს მხრიდან დახმარებები გაიცემა.

მსგავსი/Related

Back to top button