
მთავრობის გამოფენა რუსთაველის გამზირზე
საქართველოს მთავრობამ 5 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე თავისი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ”მიღწევების” გამოფენა მოაწყვეს ”ხალხთან დიალოგის” ფარგლებში მოწყობილ ღონისძიებაზე ”ანგარიში ხალხს”. სატრანსპორტო მოძრაობა რუსთაველის გამზირზე გამოფენის დასრულებამდე გადაკეტილი იქნება.
მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რუსთაველის გამზირზე მიყვანილი ყავს რამოდენიმე ტრაქტორი და ერთი კომბაინი; ხოლო ენერგეტიკის სამინისტროს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მაკეტი აქვს წარმოდგენილი. ასევე ვრცელდება ბუკლეტები სამინისტროების საქმიანობის შესახებ.
თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ სამხედრო საველე სამზარეულოსთან მნახველების რიგი იდგა, რომლებსაც ჯარისკაცების მენიუთი უმანსპინძლდებოდა. თავდაცვის სამინისტროს ასევე გამოფენილი აქვს სხვადასხვა ტიპის შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ჰამერის ტიპის სამხედრო ავტომობილები და თურქული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორი EJDER, ასევე სამხედრო გემებისთვის განკუთვნილი ბულგარული წარმოების ტყვიამფრქვევი MG-N, ფინური სნაიპერული შაშხანა SAKO TRG და ისრაელის მიერ წარმოებული მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატი Skylark.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა იმპროვიზირებული დანაშაულის სცენა, რომლის დროსაც პოლიციის თანამშრომელი უხსნიდა მნახველებს, თუ როგორ გამოიყენებოდა ადგილზე წარმოდგენილი სხვადასხვა მოწყობილობა კრიმინალისტი გამომძიებლების მიერ.
პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა ამ ”უჩვეულო ფორმით” ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას იმაზე, თუ რა გაკეთდა სხვადასხვა სამინისტროების და სახელმწიფო სტრუქტურების მიერ.
”ეს არის მცდელობა ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას იმის თაობაზე, თუ რა კეთდება სამინისტროების მიერ; ეს შესაძლოა უცნაური ფორმა ჩანდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმუშავებს,” – განაცხადა რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა.
განცხადება დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მხოლოდ 4 სექტემბერს გვიან, გამოფენამდე რამოდენიმე საათით ადრე გაკეთდა.
This post is also available in: English Русский