ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აფხაზეთის საზღვაო ინციდენტების გამო შეშფოთებულია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში განაცხადა, რომ ქართულმა, აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა ბოლოდროინდელი დაძაბულობა საზღვაო დავასთან დაკავშირებით გალში 8 სექტემბერს ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმების ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა მოაგვარონ.

”ევროკავშირის მონიტორინგის მისია შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის, რუსეთის შეიარაღებული ძალების და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებით, რომ შესაძლოა მოხდეს გემების დაკავება ან მათზე თავდასხმები,” – ნათქვამია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ 2 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს სანაპირო დაცვამ აფხაზეთისკენ და აფხაზეთიდან მომავალი ოთხი სატვირთო გემი დააკავა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის მოტივით. ეს კანონი კრძალავს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რაიმე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას ქართული მხარის თანხმობის გარეშე.

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა 2 სექტემბერს, რომ მან გასცა ბრძანება განადგურდეს ყველა ის ქართული გემი, რომელიც ”აფხაზეთის საზღვარს დაარღვევს”.

28 აგვისტოს რუსეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ევგენი ინჩინმა განაცხადა, რომ აფხაზეთში რუსეთის სასაზღვრო ძალების შემადგენლობაში ასევე შედის სანაპირო დაცვის კატარღები, რომლებიც გადაწყვეტენ ამ საკითხებს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების უზრუნველყოფას აფხაზეთისკენ მიმავალი გემებისთვის.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თბილისი განაგრძობს უკანონო ეკონომიკური საქმიანობის აღკვეთას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ ქართული, რუსული და აფხაზური მხარეების წარმომადგენელთა განცხადებები ასახავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე მხარეთა შორის არსებულ უთანხმოებას.

”ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიცია კარგად არის ცნობილი და უცვლელი რჩება,”- ნათქვამია განცხადებაში იმაზე მინიშნებით, რომ ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს ”ყველა დაინტერესებულ მხარეს თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან და ქმედებებისგან, რამაც შესაძლოა დაძაბულობის ზრდა და ვითარების გაუარესება გამოიწვიოს”.

”ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თხოვნით, აღნიშნული საკითხი შეტანილია ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების შეხვედრის დღის წესრიგში, რომელიც გალში 8 სექტემბერს გაიმართება. მისიას  ეს მექანიზმი მსგავსი საკითხის მოსაგვარებლად შესაფერის ფორმატად მიაჩნია,” – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button