ახალი ამბები

საქართველოს 2012 წლისთვის 3 მილიონი ტურისტი ეყოლება – სააკაშვილი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 31 აგვისტოს, რომ საქართველოს ”ალბათ” 3 მილიონი ტურისტი ან ”მეტიც” ეყოლება 2012 წლისთვის.

”ადრე რომ ვთქვი, რომ 2 მლნ ტურისტი გვეყოლება 2012 წელს, ტელევიზორში გამოვიდა ერთი და თქვა, რომ ”ამ სააკაშვილის ტყუილებმა ხომ წაიღო ტვინი, რა 2 მლნ და რეებს ლაპარაკობს”. ორი მლნ კი არა, 2012 წელს გვეყოლება ჩვენ ალბათ 3 მილიონიც და მეტიც,” – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს ფოთში, სადაც მისი თქმით, წელიწადნახევარში სამხრეთ კავკასიაში ”უდიდესი აეროპორტი” აშენდება.

ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, 2009 წლის პირველი შვიდი თვის მანძილზე საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  0.3%-ით გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, აგვისტოს ომის შემდგომ თვეებში, საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობა სულ ცოტა 80%–ით იყო შემცირებული.

იმავე დეპარტამენტის ინფორმაციით, 1.29 მილიონი უცხოელი მოქალაქე ჩამოვიდა საქართველოში 2008 წელს, ხოლო 2007 წელს 1 მილიონზე ოდნავ მეტი.

საქართველოში ამ ვიზიტორთა უმეტესობის (39%) ჩამოსვლის მიზეზი საქმიანი ვიზიტი იყო.

ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით 2008 წლის იანვარ-ივლისში ჩამოსულ უცხოელ მოქალაქეთა მხოლოდ 20% ჩამოვიდა ”რეკრეაცია და დასვენების” მიზნით, ხოლო 26% – ნათესავების მოსანახულებლად.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button