
სააკაშვილი განმუხურში ”ყველაზე მაგარი” კურორტის აშენებას გეგმავს
პრეზიდენტი სააკაშვილი კვირას საღამოს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ განმუხურში ჩავიდა, სადაც აღდგენილი პატარა საკურორტო ზონა მოინახულა და პირობა დადო, რომ ეს ადგილი ”ორ-სამ წელიწადში” შავი ზღვის ”ყველაზე მაგარი” კურორტი გახდება.
განმუხური, სადაც პატრიოტთა ახალგაზრდული ბანაკი მდებარეობს, აგვისტოს ომის შემდეგ დაახლოებით ერთი თვის მანძილზე აფხაზური მხარის მიერ კონტროლდებოდა. იქ არსებული ხის კოტეჯები აგვისტოს ომის დროს რუსებმა მთლიანად გადაწვეს.
”შეხედეთ – შეატრიალეთ კამერები,” – მიმართა სააკაშვილმა მის თანმხლებ ტელე-ოპერატორებს და ხელი შავი ზღვის სანაპიროს ქართული მხარისკენ გაიშვირა, ”ეს არის განათებული საქართველო, სადაც ქართველები წყვეტენ თავის ბედს და მოატრიალეთ ახლა კამერები [და ხელი აფხაზური მხარისკენ გაიშვირა], ეს არის ”ახალი ბერლინის კედელი”, რომლის იქით არის ოკუპირებული საქართველო, სადაც ადამიანები არაფერს არ წყვეტენ და სადაც რუსები, რომელთაც აქვთ ჩვენზე ასჯერ მეტი ტერიტორია და ათასჯერ მეტი ფული, არ გვაცლიან ნორმალურად ცხოვრებას”.
”პუტინს დაენგრა კედელი ბერლინში და აქ ახალი კედელი აგვიშენა,” – განაცხადა მან, ”იქით არის წყვდიადი და აქ არის საქართველო; ეს გვინდა ჩვენ ავაშენოთ და ეს არის, რასაც ისინი გვთავაზობენ; ყველამ თავისი გემოვნებით ამოირჩიოს”.
”იმის მიუხედავად, რომ ესვრიან, ცოტა ხნის წინ აქ იყო სროლები, მიუხედავად ამისა, ისინი აკეთებენ მონაკოზე და იბიცაზე უფრო მაგარ რაღაცას. ამის შემდეგ, თუ ვინმე იტყვის, რომ ევროპამ ჭკუა უნდა დაგვარიგოს, დაფიქრდეს კარგად; ჩვენ ხალხს აქვს ბევრად უფრო მეტი ნიჭი გააკეთოს ძალიან საინტერესო რაღაცეები, ვიდრე ძალიან ბევრ ჩვენზე უფრო ბევრად მდიდარ ერს; ეს არის რეალობა,” – დასძინა მან.
This post is also available in: English Русский